ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ხვალ დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2015-2016 სასწავლო-სააღმზრდელო წელი ხვალ იწყება. როგორც “თაიმერს” თბილისის მერიიდან აცნობეს, ბაგა-ბაღებში დარეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა ამ დროისათვის 54 000-ს აღემატება.
ზაფხულში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შედეგად, წელს, ბაგა-ბაღებში 15 ახალი ჯგუფი შეიქმნა და 500-მდე ადგილი გათავისუფლდა, შესაბამისად, მომდევნო თვეების განმავლობაში, დამატებით, ასობით ბავშვი დარეგისტრირდება.
ამ დროისათვის, თბილისში, 6 ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ოქტომბრის დასაწყისში, სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე, ხუთას ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება. ოქტომბრის პირველ ნახევარში, ფუნქციონირებას დაიწყებს ჩუღურეთში, კიევის ქ. N2-ში მდებარე 132-ე ბაგა-ბაღი, რომელიც წინა წლებში დახურული იყო. სექტემბრის ბოლოს კი ექსპლუატაციაში შევა 56-ე ბაგა-ბაღი, სადაც სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. მიმდინარეობს 206-ე და 109-ე ბაგა-ბაღის, წლების განმავლობაში დახურული ფლიგელების, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც.
როგორც მერიაში აცხადებენ, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო დაწესებულებაში, კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო, რამდენიმე ბაღში სასწავლო პროცესი განსხვავებულ ვადაში დაიწყება. იმ ბავშვებისთვის კი, ვინც, სწორედ, ამ ბაგა-ბაღებში იყვნენ დარეგისტრირებულნი, დედაქალაქის მერიამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაღებში დამატებითი, დროებითი ჯგუფები შექმნა.
წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაოები, ბაგა-ბაღებში, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხითაც, კერძოდ, მოწესრიგდა ცენტრალური გათბობის სისტემები, 70-ზე მეტ ბაღში დამონტაჟდა და აღდგა დანგრეული ღობეები, ასევე, გამოცხადდა ტენდერი და პირველი ეტაპისთვის, 40-მდე ბაგა-ბაღის ეზო ატრაქციონებით აღიჭურვება.მოპირკეთდება ეზოს ზედაპირები, მოეწყობა სპორტულ-გასართობი მოედნები. ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, მიწის გარკვეულ საფარზე კაუჩუკის ფილები დაიგება.
სიახლეა აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების შესყიდვის მიმართულებითაც. ახალი სააღმზრდელო წლიდან, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის გზით განხორციელდა.
“აღნიშნული რეფორმის მიზანი იყო სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა, ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის, ასევე საკვები პროდუქტების შესყიდვის პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა. ამასთან, ბავშვთა კვების რაციონის მოწესრიგების მიზნით, ყველა ბაღისთვის საერთო მენიუ შემუშავდა. კვების რაციონი გახდა უფრო მრავალფეროვანი და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში, ბავშვთა კვება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15იანვრის # 78-ე დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მაქსიმალურად მოვიდა. აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივით, მომზადდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ბაღში დასაქმებული ფსიქოლოგები, ლოგოპედები და სპეციალური პედაგოგები გადამზადდებიან. იმ ბაღებში, კი სადაც ლოგოპედები და ფსიქოლოგები დასაქმებულნი არ არიან, მათთვის დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება. ამავე პროექტის ფარგლებში, მომზადდება სამი სახელმძღვანელო, ასევე, სამუშაო ინსტრუქციები და გზამკვლევები”, – აცხადებენ მერიაში და აღნიშნავენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 500-მდე ადამიანი დასაქმდა. ახალი საბავშვო ბაღების გახსნისა და ჯგუფების დამატების შედეგად, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

banner
წინა სტატიაშიქართული მხარე, გამოფენაზე აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოდგენის ფაქტზე, მუშაობს
შემდეგი სტატიალევან დავითაშვილის განცხადებით აქციაზე მოსულ ბევრ პირს ვენახი საერთოდ არ აქვს