აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერს მადლობას უხდიან

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ლარია

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ABA თერაპიის უფასო პროგრამის დაწყების ინიციატივისთვის მადლობას უხდიან.

როგორც მადლობის წერილშია აღნიშნული, მათ არ ეგონათ თუ სტიქიის გამო პროგრამა დაიწყებოდა.

„ჩვენ, აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებს გვსურს უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ, თქვენს ინციატივასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის ABA თერაპიის უფასო პროგრამის დაწყებას. გვინდა გითხრათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოა ჩვენი შვილებისთვის ამ თერაპიის დაფინანსება. ადრეული ინტერვენციის შემთხვევაში, ბავშვების 50% თითქმის გამოდიან მდგომარეობიდან. თუ ისინი არ გაივლიან აბილიტაციის კურს, ისინი უბრალოდ ვერ განვითარდებიან, ანუ ვერ შეძლებენ სკოლაში მისვლას და განათლების მიღებას, სამუშაოს შოვნას, საზოგადოებაში ინტეგრაციას, დამოუკიდებელ ცხოვრებას. ეს ყველაფერი კი მათ წაართმევს ბედნიერი მომავლის პერსპექტივას. როგორც მოგეხსენებათ, ეს თერაპია ძვირადღირებულია, თვეში მინიმუმ 500 ლარს შეადგენს. მშობლებმა გამოვიარეთ უმძიმესი პერიოდი. ჩვენთვის, თერაპიის ყოველი საფასურის გადახდა დიდ სტრესთან იყო დაკავშირებული, რადგანაც არ ვიცოდით სად მოგვეძია შესაბამისი თანხები. ზოგმა სახლი გაყიდა, ზოგმა ბანკში ჩადო ბინა და წლების განმავლობაში ამ ფორმით ვიხდიდით თერაპიის თანხებს. ოჯახების უმრავლესობა ხდებოდა სოციალურად დაუცველი. მშობლისთვის, ძალიან ძნელია, როდესაც იცი, რომ შენს შვილს აქვს შესაძლებლობა, გამოვიდეს მდგომარეობიდან და თანხების არ ქონის გამო, უარს ეუბნები მას ამ შანსზე. ძალიან ბევრჯერ ვყოფილვართ მსგავს მდგომარეობაში. ამ სიტუაციაში თქვენი ინიციატივა უდიდეს ხსნა და დახმარებაა თითოეული ასეთი ოჯახისთვის და ყველა აუტიზმის მქონე ბავშვისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მშობლებმა მივიღეთ მონაწილეობა პროგრამის შედგენაში. ამისთვის მადლიერი ვართ ქალაქ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის, რომელმაც მაქსიმალურად გაითვალისწინა ბავშვების საჭიროებები და მშობლების მოთხოვნები. გამოგიტყდებით და იმის გამო, რომ თბილისს საშინელი სტიქია დაატყდა თავს, მშობლების უმრავლესობას გვეგონა, რომ პროგრამა შეჩერდებოდა. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, პროგრამა თქვენი დაპირებისამებრ ამ ზაფხულში დაიწყო. ასევე, გვინდა აღვნიშნოთ მთავრობის ადმინისტრაციის გვერდში დგომა, განსაკუთრებით კი სამთავრობო გეგმების და ინოვაციების სამსახურის წვლილი, რომელიც ყველა მხარეს კოორდინაციას გვიწევდა პროგრამის შედგენისა და სრულყოფის პროცესში. 1 ივლისს, ჩვენ, მშობლები, ამ პროგრამის დაწყებასთან ერთად ვზეიმობდით და ერთმანეთს ვულოცავდით ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლის პერსპექტივის გაჩენას. კიდევ უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწევს, კიდევ ბევრ ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ, რომ ჩვენი შვილების სანატრელ მომავალს ვეწიოთ, ამ ბრძოლაში კი თქვენ უდიდესი ძალა ხართ. მადლობას გიხდით თანადგომისთვის და თანამშრომლობისთვის. გმადლობთ, რომ ირწმუნეთ ჩვენი შვილების შესაძლებლობების“,– ნათქვამია მთავრობის მეთაურისადმი გაგზავნილ წერილში.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის ღია წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიასტიქიით დაზარალებული წყნეთისხევის მოსახლეობა კომპენსაციების დროულად გაცემას მოითხოვს