ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ, 180-ე საჯარო სკოლაში ამავე სკოლის მოსწავლემ დარეკა

თბილისის 180-ე საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ზარის ავტორი ამავე სკოლის მოსწავლე აღმოჩნდა. ამის შესახებ “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
“ზარის ავტორის ვინაობა დადგენილია. ის 180-ე სკოლის მოსწავლეა და კანონის შესაბამისად დაისჯება”, – განმარტეს უწყებაში.
180-ე სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი შეწყდა, რისი მიზეზიც ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის თაობაზე სკოლაში განხორციელებული ზარი იყო. ამის გამო შენობიდან მოსწავლეთა და მასწავლებელთა ევაკუაცია განხორციელდა, ადგილზე მუშაობდნენ გამნაღმველებიც.
აღსანიშნავია, რომ შარშან შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სასჯელი გამკაცრდა იმ პირთა მიმართ, ვინც გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერ “112”-ს არამიზნობრივად გამოიყენებს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების განხორციელების მიზნით. მშობლის ან მისი შემცვლელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი კანონდარღვევების შემთხვევაში:
1.14 წლამდე არასრულწლოვნის მიერ “112”-ზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
1 წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2500 ლარით.
2. 16 წლამდე მოზარდის მიერ “112”-ზე არამიზნობრივი და ცრუ ზარის განხორციელება გამოიწვევს მშობლის ან მისი შემცვლელი პირის დაჯარიმებას 100-დან 300 ლარამდე ოდენობის თანხით.
აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.
უშუალოდ ზარის ინიციატორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება შემდეგი კანონდარღვევების შემთხვევაში:
1.14 წლის ზევით მოზარდის მიერ “112”-ზე ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების განხორციელება ისჯება გამოსასწორებელი სამუშაო ვადით 1-დან 2 წლამდე ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, გარემოებათა გათვალისწინებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5- დან 7 წლამდე.
2. 16 წლის ზევით პიროვნება “112”-ზე არამიზნობრივი ზარის სისტემატურად განხორციელებისათვის დაისჯება 300 ლარის ოდენობით.
1 წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირი დაჯარიმდება 400 ლარის ოდენობით.
ასევე, 16 წლის ზევით პიროვნება ცრუ ზარის განხორციელების შემთხვევაში დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.
1 წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირი დაჯარიმდება 1000 ლარით ან დაისჯება 15 დღე-ღამემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით.
ცრუ შეტყობინების მიწოდების შემთხვევაში მოქალაქეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ “112”-ზე შეტყობინების განხორციელების მიზეზი მის მიერ გარემოებათა არასწორი, სუბიექტური შეფასებაა, როდესაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, პირმა შეიძლება ივარაუდოს გადაუდებელი დახმარების აუცილებლობა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალ დემოკრატებს” ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მთავრობის ხედვა აინტერესებთ
შემდეგი სტატია,,პრორუსულსაც და პროდასავლურსაც ფესვებიანად ამოვთხრი,, ალექსანდრ ლუკაშენკო