გუშინ ცნობილ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ-გამომძიებელს ხადიჯა ისმაილოვას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბრალდებებისთვის, რომელთა შორის არის ხელისუფლების ბოროტად გამოყენება და გადასახადებისგან თავის არიდება.
ისმაილოვა აზერბაიჯანის ელიტაში არსებულ კორუფციულ სქემებზე აწარმოებდა გამოძიებას.
განაჩენის გამოტანამდე სამი კვირით ადრე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყანაში ყველაზე ცნობილი უფლებადამცველი ლაილა იუნუსი და მისი მეუღლე ქვეყნის დამსახურებული ისტორიკოსი არიფა დააპატიმრეს და დიდი ხნით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
უახლოეს დღეებში ანალოგიური განაჩენი შეიძლება გამოუტანონ აზერბაიჯანის დაახლოებით ათ მოქალაქეს, მათ შორის აქტივისტებს და ჟურნალისტებს.
ბიბისის მიმოხილვით აზერბაიჯანში შექმნილი მდგომარეობა ქვეყანას ევროპაში ყველაზე ავტორიტარულს ხდის.
გამოცემის აზრით, ზელისუფლების ამ მიმართულებით გააქტიურებული მოქმედებები დაკავშირებულია ნავთობის ფასის ვარდნასთან, რაც ავტომატურად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. დაკავებებით პრეზიდენტი ალიევი ცდილობს შეაკავოს პროტესტის განწყობა ქვეყანაში და გისოსებს მიღმა ჩასვას ყველა, ვისაც ოდნავ მაინც განსხვავებული აზრი და დამოკიდებულება აქვს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
თითქმის ყველა დაკავებული პროდასავლურად მოიაზრებოდა აზერბაიჯანში, ამიტომ ამ მოვლენების მიღმა ექსპერტები თვლიან, რომ ევროპისადმი გზავნილიც იკითხება.
აზერბაიჯანში ინტენსიურად მიმდინარეობს პრესისადმი ზეწოლა, მათ შორის რადიო “თავისუფლების” ოფისი დაიხურა.
აშშ და დასავლეთი აზერბაიჯანში შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოხატავენ.