შს მინისტრის მოადგილე: აჭარის პოლიციის გათავისუფლების საკითხი არ იხილება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, რომელიც ამ დროისათვის ბათუმში იმყოფება, აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ქვების გამო, უამრავი პოლიციელია დაშავებული.

როგორც მინისტრის მოადგილემ საზოგადოებრივს სატელეფონო ჩართვისას განუცხადა, პოლიციელები გამაგრებულები იყვნენ ადმინისტრაციული შენობის კართან, რა დროსაც, დიდი რაოდენობის ხალხი მათ თავს დაესხა.

მისი ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი და სამხარეო პოლიციის ხელმღვანელი.

„​ნახევარი საათი ისროდნენ ქვებს პოლიციელების მისამართით და შემდეგ მოხდა ძალის გამოყენება“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნას, რომ გათავისუფლდეს პოლიციის უფროსი, ამირანაშვილი აცხადებს, რომ ​ის ახალი დანიშნულია

„თუ რომელიმე კონკრეტულ გადაცდომას ქონდა ადგილი, შეისწავლის გენინსპექცია, გათავისუფლების საკითხი არ დგას“, – განაცხადა მან.

აქციის მონაწილეები დღეს, ბათუმში დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

ამასთან, აქციის მონაწილეები თანამდებობიდან აჭარის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის კახა ბუხრაძის გადაყენებასაც მოითხოვენ. მათი განცხადებით, სწორედ ბუხრაძის დანიშვნის შემდეგ ქალაქში მძღოლების მიზანმიმართული დაჯარიმება დაიწყო. კახა ბუხრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა.

თავდაპირველად, „ბათუმი პლაზასთან“ ადგილობრივებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დააკავეს. საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქე მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რის შემდეგაც აღნიშნულმა მძღოლმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მას გამოესარჩლა მეორე მოქალაქე და ორივე მათგანი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აღნიშნულ ფაქტს ბათუმში ხალხმრავალი აქცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს უსაფუძვლოდ აჯარიმებს. მოქალაქეების თქმით,ბოლო პერიოდში, სამართალდამცავები ზედმეტად აგრესიულად იქცევიან, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელობა შეიცვალა.

https://www.youtube.com/watch?v=JtiuOZUnOno

banner
წინა სტატიაშიაქციაზე დაკავებულ ექვსივე პირს 1 საათში გაათავისუფლებენ
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი აჭარაში მიემგზავრება