“საქართველო ეკუთვნის ევროპას, არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ღირებულებებით”

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ პროცესში ლატვიის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

 

„ჩვენ გვწამს, რომ  საქართველო ევროპას ეკუთვნის არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ღირებულებების თვალსაზრისითაც. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც იცავს და განამტკიცებს ევროპულ ინტერესებს კავკასიის რეგიონში და სთავაზობს ევროპულ კომპანიებს ხიდს ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან და პარტნიორებთან დასაკავშირებლად“  –  ამის შესახებ საქართველოს საგარეო  საქმეთა მინისტრმა ლატვიის ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული ფასი აქვს „ლატვიის პოლიტიკურ და მორალურ მხარდაჭერას, რაც მას ეხმარება ევროპისკენ მიმართულ გეზს არ გადაუხვიოს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად მიმოიხილა ის შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაცია სთავაზობს, კერძოდ საქონლითა და მომსახურებით თავისუფალი ვაჭრობა, კაპიტალის შეუზღუდავი მოძრაობა, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება, ორმხრივად სასარგებლო ბიზნეს პროექტების განხორციელება. ამ კუთხით, მინისტრმა  ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის  მიერ პირნათლად შესრულებული ვალდებულებები ზაფხულში საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საფუძველი გახდება.
ნატო-ში გაწევრიანების თემაზე საუბრისას, მიხეილ ჯანელიძემ ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი, კერძოდ ის, რომ საქართველო კვლავ აგრძელებს ნატო-ს ავღანეთის ოპერაციასა და ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას, როგორც ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორი.
„საქართველოს მისიაა იყოს თავისი პარტნიორებისა და მოკავშირეების გვერდით და გვწამს, რომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენ  არსებით პროგრესს მივაღწევთ“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ლატვია-საქართველოს ბიზნეს ფორუმი, 2016 წლის 31 მარტს ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ფორუმი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.
banner
წინა სტატიაშითურქეთში რუსული სუ-24-ის პილოტის მკვლელი დაიჭირეს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ფარული კადრების გავრცელებას ეხმაურება