საქალაქო სასამართლო მამუკა ახვლედიანის ბრალდებებს პასუხობს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის ხმაურიან სატელევიზიო გამოსვლას საქალაქო სასამართლო განცხადებით პასუხობს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“თბილისის საქალაქო სასამართლო შეშფოთებას გამოთქვამს ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემა ,,პრიორიტეტში” საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების გამო. ტელეეთერით გამოთქმული ის რეპლიკები და მოსაზრებები, რომლებიც მოსამართლეთა კორპუსის კვალიფიკაციას და კეთილსინდისიერებას ეჭვქვეშ აყენებს, წარმოადგენს ყოველგვარი ეთიკური ნორმის დარღვევას, მით უფრო მიუღებელია მსგავსი განცხადებები ყოფილი მოსამართლისგან, ვისთვისაც ცნობილია ამ პროფესიის სირთულე და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა. კერძოდ, საუბარია იმ მოსაზრებებზე, რომ „სასამართლო სისტემაში მხოლოდ 4-5 კვალიფიციური მოსამართლეა, მოსამართლეთა უმრავლესობა იმსახურებს თანამდებობიდან წასვლას და მათ მხოლოდ ხაჭაპურის ან ფუნთუშის გამოცხობა შეუძლიათ“, ყოველგვარ კორექტულობას მოკლებულია და აშკარად შეურაცხყოფს საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კორპუსს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კორპუსში შედიან მომზადებული კადრები, რომლებსაც აქვთ სათანადო განათლება და კვალიფიკაცია, ასევე სამუშაო გამოცდილება და შესაბამისი ლეგიტიმაცია, განახორციელონ მართლმსაჯულება.

სასამართლო მოუწოდებს მამუკა ახვლედიანს, მიუხედავად სამოსამართლო უფლებამოსილების საკუთარი ნებით დათმობისა, არ დათმოს და შეინარჩუნოს მაღალი ეთიკური, მორალური და ზნეობრივი სტანდარტი ყოფილი კოლეგებისა და სისტემის მიმართ. მისგან განსხვავებით, საერთო სასამართლოების სისტემაში მოქმედ მოსამართლეებს აქვთ თმენის ვალდებულება, სასამართლო სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე მუდმივად იღებენ შედეგით უკმაყოფილო მხარის უსაფუძვლო კრიტიკას, ამდენად, განსაკუთრებით მიუღებელია ზედაპირული და დაუსაბუთებელი განცხადებების მოსმენა ყოფილი კოლეგისაგან, რომელსაც არასდროს უტვირთავს განაჩენის დასაბუთების, როგორც სამართლებრივი, ისე მორალური პასუხისმგებლობა” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) კერის და ლავროვის სიტყვიერი დაპირისპირების ვიდეო გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიაფიჭური კომპანიები აბონენტთა პირად მონაცემებს ბოროტად იყენებენ