„საერთაშორისო გამჭვირვალობა” თბილისის საკრებულოში არსებულ დარღვევებზე ანგარიშს დღეს წარადგენს

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო დღეს იმ დარღვევებზე გამოაქვეყნებს დასკვნას, რომელიც თბილისის საკრებულოში ბოლო 3 წლის პერიოდი შეისწავლა.
დოკუმენტში საუბარია დეპუტატების არასრულად შევსებულ დეკლარაციებზე, ინტერესთა კონფლიქტის ფაქტებზე, უძრავი ქონებისა და მიწის გადაცემის საკითხზე.

ორგანიზაციის განმარტებით, გამოიკვეთა სამი შემთხვევა, როდესაც საკრებულოს წევრები დეპუტატის სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას ეწევიან და კომპანიებში დირექტორების პოზიციები უკავიათ.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწა და უძრავი ქონება კი, საკრებულომ კერძო პირებს დაუსაბუთებლად 58-ჯერ გადასცა.

„ჩვენ ანგარიშში არის მოხვედრილი ფაქტები, რომელიც ეხება კონკრეტული პირებისთვის უძრავი ქონების გადაცემას და ასევე საკრებულოს მიერ თანხმობის მიცემას ამ გადაწყვეტილებაზე მერიისთვის. მიზანშეწონილია, რომ მათი გადაწყვეტილებები იყოს დასაბუთებული. მითუმეტეს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება უძრავი ქონების და მიწის გადაცემას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს სამი წევრი ფიქსირდება კომპანიის დირექტორად, რაც რა თქმა უნდა, წარმოადგენს შეუთავსებელ საქმიანობას,“ – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ეს კონსტიტუცია ამ ფორმით ვერ იარსებებს
შემდეგი სტატიაე.წ. ციანიდის საქმის ადვოკატი მია ზოიძე პროკურატურაში დაკითხვაზე მივა, თუმცა გამოძიებას ჩვენებას არ მისცემს