პარიზის პროკურორის ინფორმაციით, ტერაქტებში სამი ჯგუფი მონაწილეობდა

პარიზში მომხდარი თავდასხმების დროს, ტერორისტები სამ კარგად ორგანიზებულ და კოორდინირებულ ჯგუფად მოქმედებდნენ. როგორც “ბიბისი” იტყობინება, ამის შესახებ პარიზის პროკურორმა ფრანსუა მილენმა განაცხადა. მისი თქმით, თავდამსხმელებს ე.წ. შაჰიდის ქამრები ეკეთათ და კალაშნიკოვის ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები.

“ჩვენ უნდა დავადგინოთ, საიდან ჩამოვიდნენ ისინი და ვინ აფინანსებდა მათ”, – განაცხადა მან.
მოლენის განცხადებით, ერთ-ერთი თავდამსხმელი 30 წლის მამაკაცი იყო, რომელიც პარიზის გარეუბანში დაიბადა. კრიმინალური წარსულის მქონე ახალგაზრდა, 2010 წელს ისლამისტებს დაუახლოვდა, რის გამოც სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, თუმცა არც ერთი დაჯგუფებაში არ გაწევრიანებულა.
პარიზის პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ ტერაქტების გამოძიების ფარგლებში, დააკავეს 3 ადამიანი, აქედან ერთი – საფრანგეთი-ბელგიის საზღვარზე.
მოლენმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს სირიის მოქალაქის პასპორტი ჰქონდა. მან ასევე უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია 8 თავდამსხმელზე და განაცხადა, რომ ტერაქტები 7-მა ადამიანმა განახორციელა, აქედან 6-მა თავი აიფეთქა.
მისი თქმით, სამართალდამცველებთან მოლაპარაკებების დროს, ტერორისტები სირიასა და ერაყს ახსენებდნენ.

banner
წინა სტატიაშისერგეი ლავროვი: “ისლამური სახელმწიფო” ყველასათვის საერთო სამიზნე უნდა გახდეს”
შემდეგი სტატიაპარიზში მომხდარი ტერაქტების ავტორებიდან ერთ-ერთი იდენტიფიცირებულია