მთაწმინდის გამგებელმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა

მთაწმინდის გამგებელმა გელა არჩვაძემ თბილისის მთავრობასა და საკრებულოს წევრებს ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრებოდა.

როგორც გელა არჩვაძემ განაცხადა, რაიონისთვის გამოყოფილი 8 მილიონი ლარი სრულად იქნა ათვისებული.

მისივე თქმით, 2014 წელთან შედარებით უფრო მეტი სამუშაოს შესრულება მოხერხდა ვიდრე ოდესმე შესრულებულა.

„პრობლემები დაგვხვდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გავართვით თავი ამ პრობლემებს.
რაიონისთვის გამოყოფილი 8 მილიონი სრულად და მიზანმიმართულად იყო ათვისებული, ისე რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება არ ყოფილიყო“,-განაცხადა გამგებელმა.

რაიონის ერთწლიანი მუშაობა დადებითად შეაფასა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და განაცხადა, რომ ყველა პროექტი და პროგრამა რაც იქნა წლის დასაწყისში დაანონსებული, წლის ბოლოს ვხედავთ, რომ შესრულებულია.

„მთაწმინდის გამგეობამ ასი პროცენტით შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია- მოვალეობები. შესაბამისად, ბოლომდე აითვისა ბიუჯეტი. ყველა პროექტი და პროგრამა, რაც იქნა წლის დასაწყისში დაანონსებული, წლის ბოლოს ვხედავთ, რომ შესრულებულია.

ძალიან აქტიურად მუშაობდნენ მთელი წლის განმავლობაში, როგორც ამხანაგობების მხარდაჭერის, ასევე შიდა კვარტალური გზების მოწესრიგების, სანიაღვრე სისტემების მოწესრიგების თვალსაზრისით. სხვადასხვა სპორტული მოედნებისა და ადგილების კეთილმოწყობის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ჩართულები იყვნენ მერიის გამწვანების პროგრამაში. ძალიან ბევრი სპორტული და კულტურული ღონისძიება ჩატარდა მთაწმინდის რაიონში და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ პოზიტიური შედეგი გვაქვს“, – აღნიშნა ნარმანიამ.

მისივე თქმით, 2016 წლისთვის თბილისის მერია გამგეობებისთვის მეტი ამოცანების დაკისრებას გეგმავს, რადგან , როგორც მერმა განმარტა, რაიონების ტერიტორიაზე არსებული ყველა პრობლემა დროულად აღმოიფხვრას.

„ყველაზე მთავარი ის არის, რომ ახლა დავამთავრეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერის პროცესი მთწამინდის რაიონის ტერიტორიაზე. დიდი მათგანი ამორტიზებულია, ამიტომაც გაკეთდება გეგმა მათ აღწერასთან დაკავშირებით და საჯარო პარტნიორობის ფორმით შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი ასეთი ავარიული სახლი აღვადგინოთ“,- დასძინა მერმა.

მან ასევე 2016 წლის პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს ყველაზე პრიორიტეტული გამგეობების ტერიტორიაზე კვლავ შიდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება.

„პრიორიტეტული იქნება ასევე შემოერთებული დასახლებების ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ამხანაგობების ხელშეწყობა, სხვადასხვა სახის სოციალური პროექტების განხორციელება, მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფასთან, უფასო სასადილოებთან, ერთჯერად სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით.

მთავარი პრიორტეტები რაც მერიისთვის არის გამოკვეთილი არის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, გამწავანება, განათლებაზე ზრუნვა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამგეობის ბაზაზე განხორციელდება, რათა აღნიშნული პრიორიტეტები უცვლელად და კეთილსინდისიერად იყოს შესრულებული“,- განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაში2016 წელს თბილისის მეტროს 7 სადგურს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
შემდეგი სტატია,,ამ გუნდთან ერთად ვმუშაობდი 3 წლის მანძილზე და ამ გუნდთან ერთად გავალ ხვალ პარლამენტში”