მანანა კობახიძე: მინისტრებზე პრემიები არ უნდა გაიცემოდეს

პრემიების საკითხი ყოველთვის წუხილის საგანი იყო. ასეთი რამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ნამდვილად უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე აცხადებს.

მისივე თქმით, მთავრობაში პრემიები საერთოდ უნდა აიკრძალოს.

“თავის დროზე პარლამენტში იყო ასეთი პრაქტიკა და დეპუტატებიც იღებდნენ პრემიებს. ჩვენ ეს ერთხელ და სამუდამოდ დავასრულეთ. აუცილებელია, მთავრობაში იყოს ძალიან მკაცრი მიდგომა. ის, რომ პრემიები საერთოდ აიკრძალოს, ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ ცხადია, მინისტრებზე პრემიები არ უნდა გაიცემოდეს. მე მგონი ასეთი პრაქტიკა დავასრულეთ. IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 2013 წლის მონაცემებს ეყრდნობა. ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრებზე პრემიების გაცემა აღარ ხორციელდებოდა. მონიტორინგი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და საჭიროა”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ აცხადებენ, 2013 წელს (იანვარი-ოქტომბერი) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 6 969 892 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 880 736 ოქტომბერში გაიცა.

banner
წინა სტატიაშივანო ზარდიაშვილი: მიხეილ ჩინჩალაძესთან ვმეგობრობ და ვამაყობ მასთან მეგობრობით
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: ნიკა გვარამია და “რუსთავი 2” ფსიქოლოგიურ ტერორს ეწევა