კახა გოგოლაშვილი : სირიის კონფლიქტში საქართველოს როლი სამხედრო თვალსაზრისით არ განიხილება

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ სირიის კონფლიქტში საქართველოს როლი სამხედრო თვალსაზრისით არ განიხილება, თუმცა პოლიტიკურად ქვეყანა ვალდებულია, დასავლური ალიანსის მოკავშირეებს მხარდაჭერა გამოუცხადოს.

„საქართველოს დასჭირდება მომზადება. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვემზადოთ იმისთვის,რომ შესაძლოა, რუსეთმა გადაწყვიტოს საქართველოს დასჯა იმის გამო, რომ ვერაფერს ვერ უხერხებს მის პარტნიორებს. თუ კონფლიქტი სირიაში გადაიზრდება რაღაც მასშტაბურ კონფლიქტში დასავლეთსა და რუსეთს შორის, რა თქმა უნდა, რუსეთი განიხილავს საქართველოს, როგორც დასავლეთის მოკავშირეს და როგორც ყველაზე სუსტ ადგილს სამხედრო თვალსაზრისით. რუსეთი განიხილავს საქართველოს, როგორც ნაკლებად დაცულ ადგილს, რომელზეც შეიძლება მიიტანოს შეტევა, ნებისმიერი ჰიბრიდული სახის შეტევა, დივერსიების მცდელობა, აჯანყების და გადატრიალების, დესტაბილიზაციის მცდელობები, შეიძლება ეს განახორციელოს რუსეთმა და ამისთვის უნდა ვიყოთ კარგად მომზადებულები “, – აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.

ანალიტიკური ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ დასავლეთისთვის პირველხარისხოვანი ამოცანა ახლა ისაა, რომ დასავლეთმა შეძლოს შეინარჩუნოს კონტროლი სირიის ტერიტორიის ნაწილებზე და არ მისცეს საშუალება ასადის რეჟიმს, ირანთან ერთად სრულად გააკონტროლოს სიტუაცია სირიაში.

რაც შეეხებაა რუსეთის ფაქტორს, გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთს ამ ვითარებაში სამხედრო უპირატესობა არ აქვს, ამიტომ იგი პროცესის გახანგრძლივებას შეეცდება.

“რუსეთს კარგად ესმის, რომ აშშ-ს მნიშვნელოვანი სამხედრო უპირატესობა აქვს. რეგიონის მასშტაბით თუ ავიღებთ, რუსეთს არ ჰყავს ის ძალები, რომ გაუმკლავდეს აშშ-ს ავიაციის ძალებს და მისი თუ გნებავთ ფლოტის შეტევას, მაგრამ მას შეუძლია მიაყენოს გარკვეული ზიანი. ახლანდელმა შეტევამ აჩვენა, რომ რუსული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა ფაქტობრივად უძლურია, აშშ-ს ტაქტიკური იარაღისგან თავდასაცავად, ამიტომ მათ მწვავე კონფრონტაცია არ აწყობთ, მათ აწყობთ ისეთი კონფრონტაცია, როდესაც მოწინააღმდეგე რესურსებს ხარჯავს, უკმაყოფილოა მოსახლეობა, ვერ აღწევს შედეგებს და ა.შ.”, – აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიქურდობა გორში – ქალაქის ცენტრში მეორადი საქონელის მაღაზია გაქურდეს
შემდეგი სტატიაკალაძე დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო