ისნის ბაზრობის ჯიხურების მეპატრონეებსა და “ტრანსსერვისის” იურისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ისნის ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, სავაჭრო ჯიხურების დაზარალებულ მეპატრონეებსა და ისნის ბაზრობის ტერიტორიის მფლობელ შპს “ტრანსსერვისის” იურისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ისნის ბაზრობაზე, სადაც მეორადი ავტონაწილები იყიდება, ხანძრის შედეგად დამწვარი მაღაზიების მფლობელები არიან შეკრებილები. ბაზრობის ტერიტორიის ყველა შესასვლელი ამ დროისთვის საპატრულო პოლიციის ლენტებითაა შემოსაზღვრული, დაზარალებულებს ტერიტორიაზე შესვლა და მათი მაღაზიების დათვალიერების საშუალება არ აქვთ.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, ისინი მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ ტერიტორიაზე. მათივე ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 40-მდე სავაჭრო ობიექტი.

ჟურნალისტებთან კომენტარის გასაკეთებლად გამოვიდა ისნის ბაზრობის მფლობელი კომპანიის შპს “ტრანსსერვისის” იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი და მას დაუპირისპირდნენ ტერიტორიაზე მყოფი დაზარალებულები.

დაზარალებულების განცხადებით, ბაზრობას არ უვარგა დაცვის სამსახური, მათ ვერ შეამოწმეს და ვერ გააკონტროლეს ელექტროობა. იურისტის მისამართით ისინი სვამდნენ კითხვებს, თუ ვინ აუნაზღაურებს მათ ზარალს.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ მათ აქვთ ბანკის ვალები და ბინები იპოთეკით აქვთ დატვირთული.

banner
წინა სტატიაშიუახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
შემდეგი სტატიაბარსელონას ტერაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ახალი მთავარი ეჭვმიტანილი ჰყავს