გიორგი მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში პრორუსული ძალები მოხვდნენ

parlamenti

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პარლამენტში პრორუსული ძალები მოხვდნენ. ამის მიუხედავად პრეზიდენტი ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და არც წინააღმდეგია. მეტიც, მარგველაშვილი ფიქრობს, რომ თუ ეს მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს სურს, ეს ასე უნდა იყოს და ამ პროცესს პრეზიდენტი დემოკრატიულად აფასებს.

ამის შესახებ მან გადაცემა არჩევანთან ინტერვიუში ისაუბრა.

“პლურალიზმისთვის სასარგებლოა, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და არ დაიკარგოს არცერთი მანდატი. თუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოს კურსი უნდა იყოს სხვანაირი, ისინი უნდა არსებობდნენ პარლამენტში. ეს არის დემოკრატია. ისინი არიან საქართველოს მოქალაქეეები. სხვა საკითხია, ვიქნები თუ არა მე დამარცხებული, ისინი რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამის არანაირი შანსი არ არსებობს. მაგრამ, რომ ჰყავდეთ პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობა, ეს სრულიად დასაშვებია,” – ამბობს პრეზიდენტი.

გიორგი გაბუნიასთან საუბრის დროს საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და ამას მათ ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ წაართმევს.

“ქართველი ხალხი დასავლეთისკენ მიდიოდა საბჭოთა კავშირის დროსაც, წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც. ეს პროცესი დამოკიდებული არ არის არც ჩემზე, არც ნაციონალურ მოძრაობაზე, არც რესპუბლიკელებზე, არც ოცნებაზე, ამას წყვეტს საზოგადოება,” – ამბობს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ნიცას ტერაქტის ყველა მსხვერპლი ამოცნობილად გამოაცხადა
შემდეგი სტატია(video) გიორგი მარგველაშვილი:კორცხელის ინციდენტის გამოუძიებლობა ქვეყნისთვის საზიანო იქნება