გიორგი კვირიკაშვილი: ბევრი თაობის ოცნება ახდება 2016 წელს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2016 წელს ბევრი თაობის ოცნება ახდება ევროპაში ვიზის გარეშე მიმოსვლასთან დაკავშირებით.

ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა აშიშ კუმარ სენისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობასთან დაკავშირებით.

„ეს იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობასთან დაკავშირებით, აღიარებს ჩვენს ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი და მთავრობის უნარს განახორციელოს მკაცრი და ეფექტური რეფორმები. რაც მთავარია, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი თაობის ოცნება ახდება 2016 წელს, როდესაც ქართველებს შეეძლებათ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა და იქ 90 დღით დარჩენა ექვსი თვის განმავლობაში ვიზის გარეშე. ეს აღნიშნავს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში ახალი ეტაპის დასაწყისს. ეს ასევე არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შთამბეჭდავი თანამშრომლობის, კერძოდ, ამ პროცესში ჩართული საქართველოს სამთავრობო უწყებების პროფესიონალიზმისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერის შედეგი, რომელიც მოახდენს უმნიშვნელოვანეს გავლენას ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) სრული პოტენციალის რეალიზებაზე და ხელს შეუწყობს ქართულ ბიზნესს მოძებნოს ახალი მიდგომები ევროპის ბაზრებზე დასამკვიდრებლად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ინტერვიუში, რომელიც ატლანტიკური საბჭოს ვებვერდზეა განთავსებული.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერი ვიქტორია ნულანდს შეხვდა
შემდეგი სტატიაგავრცელდა კადრები, სადაც ჩანს როგორ ურტყამს თამაზ მეჭიაური მოქალაქეს (ვიდეო)