ეროვნული ბანკი – დაუშვებელია, კონკრეტული კომერციული ბანკის მიერ კანონმდებლობის სისტემატური დარღვევა მთელ საფინანსო სისტემაზე განზოგადდეს

დაუშვებელია, კონკრეტული კომერციული ბანკის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების სისტემატური დარღვევა, ლიცენზიის გაუქმება მთელ საფინანსო სისტემაზე განზოგადდეს და და განხილულ იყოს ტენდენციად, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.

ამ საკითხზე ეროვნული ბანკი განმარტებას ავრცელებს.

“უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ეროვნული ბანკი წარმოადგენს საზედამხედველო ორგანოს, რომლის ფუნქციაც არის ზედამხედველობას დაქვემდებარებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების შემოწმება. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად წარმოადგენს რომელიმე კონკრეტული ფაქტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, აღნიშნული კვალიფიკაციის მინიჭება სცილდება ეროვნული ბანკის კომპეტენციას.

ეროვნული ბანკი, დისტანციური ზედამხედველობის და ადგილზე ინსპექტირების გზით, სისტემატურად ამოწმებს დაქვემდებარებული სუბიექტების შიდა კონტროლის სისტემის სტანდარტებთან შესაბამისობას. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების ან/და დანაშაულის ნიშნების შემცველი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში, კანონმდებლობის შესაბამისად, ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სტრუქტურებს.

აღსანიშნავია, რომ ფულის გათეთრების აღმკვეთი სტანდარტების მოთხოვნების დარღვევების გამო, ცალკეული ფინანსური ინსტიტუტებისთვის ლიცენზიის გაუქმების თუ სხვა საზედამხედველო ღონისძიებების გატარების ფაქტები ფიქსირდება განვითარებულ ქვეყნებშიც. ამდენად, დაუშვებელია, კონკრეტული კომერციული ბანკის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების სისტემატური დარღვევა, ლიცენზიის გაუქმება მთელ საფინანსო სისტემაზე განზოგადდეს და და განხილულ იყოს ტენდენციად.

საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ფინანსური სექტორის სტაბილურობის გარანტი, თავის საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ამასთანავე, საფინანსო ინსტიტუტებში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის კუთხით ეროვნული ბანკის ზედამხედველობა დადებითად არის შეფასებული ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) მიერ”, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განმარტებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : მთავრობის ფორმირების პროცედურის დასრულება მომავალი კვირის ბოლომდე მოხდება
შემდეგი სტატიაქუთაისში პარლამენტთან აქცია გაიმართა