“ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით ვუახლოვდებით იმ სივრცეს, რომელიც არის დაცული, უსაფრთხო, აფასებს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს”

მიხეილ ჯანელიძე - გადაწყდა, რომ საქართველო ჩაერთვება ყველა სტრატეგიულ დისკუსიაში, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაიმართება

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი შეაფასა. ჯანელიძის განცხადებით, ცალსახად ყველა ქვეყნის მხრიდან დაფიქსირდა, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული განვითარების, ეკონომიკური განვითარების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით, იმ პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით, რომელიც აძლიერებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

„ეს იყო ძალიან დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისადმი. ეს არის მესიჯი საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომ ჩვენ ჩვენი რეფორმებით, ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით ვუახლოვდებით იმ სივრცეს, რომელიც არის დაცული, რომელიც არის უსაფრთხო, რომელიც პირველ რიგში აფასებს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, მართლწესრიგს და დემოკრატიას. ეს არის ის, სადაც საქართველო მიისწრაფის და რაც არის ქართველი ხალხის არჩევანი. ჩვენ ვიმსჯელეთ ვარშავის სამიტის გადაწყვეტილების იმპელემნტაციაზე, იმ გაფართოებულ პაკეტზე და ახალ ინსტრუმენტებზე, რომელიც აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ცალკეულმა ქვეყნებმა გამოხატეს დამატებითი ინტერესი და მზაობა, ხელი შეუწყონ ამ პაკეტის განხორციელებას, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ჯანელ;იძემ.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო ასევე შავი ზღვის უსაფრთხოებას და საქართველოს მნიშვნელობას ამ მიმართულებით.

„ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები იყო გენერალური მდივნის მხრიდან უკვე პრესკონფერენციაზე, სადაც ეს ყველაფერი ცალსახად იყო ხაზგასმული, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა,რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დადასტურდა ვარშავის სამიტზე, რაც გაჟღერებულ იქნა გენერალური მდივნის მხრიდან, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. ეს არის ბუქარესტის გადაწყვეტილება. ალიანსის წევრები რჩებიან ამ გადაწყვეტილების მხრადამჭერები, ეს არის დამოკიდებული უკვე წევრ ქვეყნებზე, ალიანსზე, საქართველოზე, თუ როგორ მიაღწევს პროგრესს ამ მიმართულებით და როგორ განხორციელდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში“დიდი ძალისხმევა გვაქვს გაწეული, რათა საპარლამენტო არჩევნები იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს უახლეს ისტორიაში”
შემდეგი სტატიაალექსანდრე ვერშბოუ: საქართველოში ტაქსის მძღოლებმაც კი იციან, რა ითქვა ბუქარესტის სამიტზე