“დიდი ძალისხმევა გვაქვს გაწეული, რათა საპარლამენტო არჩევნები იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს უახლეს ისტორიაში”

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ძალისხმევა გაწეული, რათა საპარლამენტო არჩევნები იყოს მართლაც და ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს უახლეს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნები არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ შევინარჩუნოთ ის სტანდარტი, რომელიც იქნა ნაჩვენები საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებზე, თუმცა ამ არჩევნების მნიშვნელობა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, გაცილებით უფრო მაღალია, შესაბამისად ფსონებიც მაღალია. სრულად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება მთავრობას. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ძალისხმევა გაწეული უკვე, რათა ეს არჩევნები იყოს მართლაც და ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოს უახლეს ისტორიაში, ჩვენ მოვიწვიეთ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა მთელ წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდნენ. ასევე აღსანიშნავია, რომ 4 თვით ადრე გამოიცა არჩევნების განკარგულება პრეზიდენტის მხრიდან, ეს იყო კონსულტაციების შედეგი და მთავრობის მხრიდან კონტრასიგნებული. ეს ნიშნავს იმას, რომ სტანდარტი საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდის ხანგრძლივობის კუთხით უფრო მაღალია“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ გატარდა სპეციალური საკანონდებლო ცვლილებები, რათა კიდევ უფრო გამკაცრებული სისხლის სამართლის კოდექსის ფიზიკურ შეხლა-შემოხლაზე და შეურაცხყოფაზე.

„ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, სწორედ ამაზეც მეტყველებს ის, რომ საქართველოში არის უპრეცედენტოდ თავისუფალი მედია სივრცე, როგორც ნამდვილად არ ყოფილა წინა საპარლამენტო არჩევნების დროს. მე აღარ ჩავუღრმავდები იმას რა იყო და რა არის, ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია. ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ყველა წინაპირობა, რათა გვქონდეს მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო არჩევნები. რა პროგნოზები მაქვს მე? რა თქმა უნდა, მე მაქვს პროგნოზები იმის, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ მოახდინა მნიშვნელოვანი გარდატეხა საქართველოს პოლიტიკურ სინამდვილეში, დაამკვიდრა გაცილებით უფრო მაღალი პოლიტიკური სტანდარტი, როდესაც აღარ არის მედიაზე ზეწოლა, აღარ არის ბიზნესზე ზეწოლა, თავისუფლების დაცვის ინდექსი არის გაცილებით უფრო მაღალი, გაორმაგებული და ეს აღიარებულია ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხალხი ამას აფასებს და ხალხი მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას. ჩვენ ველოდებით ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ალიანსის გაფართოება არ მოსწონს, ჩვენ ვაგრძელებთ გაფართოებას
შემდეგი სტატია“ჩვენი გადადგმული ნაბიჯებით ვუახლოვდებით იმ სივრცეს, რომელიც არის დაცული, უსაფრთხო, აფასებს და პატივს სცემს ადამიანის უფლებებს”