ალექსანდრე ჯეჯელავა: ვიზიარებ სტუდენტების პოზიციას, რომ უნივერსიტეტი უნდა განვითარდეს

განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასა და “აუდიტორია 115”-ს შორის საათნახევრიანი შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ მინისტრმა აღნიშნა, ცალსახად იზიარებს სტუდენტების პოზიციას, რომ უნივერსიტეტი უნდა განვითარდეს.

“მე ვიზიარებ მათ პოზიციას, რომ უნივერსიტეტი უნდა განვითარდეს და მისი მართვა გუშინდელი მეთოდებით შეუძლებელია. სიმწვავე არის კონკრეტულ საკითხებში, პოზიციებში, რომელთა გადაჭრაც სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ გაიწელა და შესაბამისად, სტუდენტებიც სავსებით ვალიდურად აფიქსირებენ თავიანთ სურვილს, რომ ეს საკითხები ძალიან მალე მოგვარდეს. ეს ის საკითხებია, რომლებიც კონკრეტულად პრემიერთან და სხვა ოფიციალურ პირებთან შეხვედრებისას დადასტურდა, შეთანხმდა”, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნივერსიტეტთან დაკავშირებული პროცესი დიდი ხანია გრძელდება.

“გამაღიზიანებელია, რომ პროცესი კიდევ იწელება, რადგან ახალი მინისტრი თავიდან უნდა გაერკვეს საკითხში. თუმცა ამას სტუდენტები ძალიან გაგებით ეკიდებიან, რაზეც მე ძალიან მადლიერი ვარ. შესაბამისად, არსებობს საშუალება მათთან ვითანამშრომლო. პირველ რიგში, იმ საკითხებზე რომლებიც არ ითმენს. ეს არი განათლების ფუნდამენტურ რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები, ეს არის თვითმართველობის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები. ასე ვთქვათ, მე სტუდენტებისგან მივიღე დავალება, რომ ყველა ეს საკითხი ძალიან ოპერატიულ რეჟიმში მთავრობაში გადავწყვიტო, რასაც დაუყოვნებლივ შევუდგები”. – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, “აუციტორია 115” ითხოვს, თვითმმართველობის ახლანდელი ფორმა და სისტემა შეიცვალოს პროგრესული, გამჭვირვალე, დემოკრატიული და თანაბარუფლებიანი სისტემით.

“ხაზი მინდა გავუსვა, რომ “აუდიტორია 115″ არ ითხოვს თვითმმართველობის გაუქმებას, ისინი ითხოვენ რომ თვითმართველობის ახლანდელი ფორმა და სისტემა შეიცვალოს პროგრესული, გამჭვირვალე დემოკრატიული და თანაბარუფლებიანი სისტემით. ის, რომ სტუდენტი უნდა იღებდეს სასწავლო დაწესებულების მართვაში მონაწილეობას, ამის გაუქმებას სტუდენტები არაფრით არ მოითხოვენ. ისინი ითხოვენ ახლანდელი ფორმის სხვანაირით შეცვლას და ეს არის ერთ-ერთი სასწრაფოდ მოსაგვარებელი საკითხი. ამასთან, აუცილებლად ვაპირებ თვითმმართველობასთან შეხვედრას ისევე, როგორც ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რომელსაც უნდა ამ პროცესში ჩართვა. ახლა ისღა დარჩა, რომ ამ ადამიანებმა ჩვენი მხრიდან გადადგმული ხილული ნაბიჯები დაინახონ”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიბათუმის ბულვარში ტურისტებს უფასოდ მრავალფუნქციური ამბულატორია მოემსახურება
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე ხშირად ასხამს წყალს