აღმაშენებლის გამზირზე, პროექტ “ახალი ტფილისი”-ს ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება

news
: news თებერვალი 21, 2016 12:28

აღმაშენებლის გამზირზე, პროექტ “ახალი ტფილისი”-ს ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება

აღმაშენებლის გამზირზე, პროექტ “ახალი ტფილისი”-ს ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრი გაიხსნება. როგორც “თაიმერს” თბილისის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული ცენტრი თბილისელებს, დედაქალაქის სტუმრებსა და ინვესტორებს მოემსახურება და პროექტის მიმდინარეობის შესახებ მათ სრულ ინფორმაციას მიაწვდის.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტ “ახალი ტფილისი”-ს ფარგლებში სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული. 27 სახლზე უკვე დასრულებულია ხარაჩოების მოწყობა, დამონტაჟებულია მტვრის დამჭერი, სამშენებლო ფარდები. ამ დროისათვის, გასუფთავებულია ფასადური ნალესი, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები, მაგრდება საძირკვლები. განხორციელდა იმ აივნების დემონტაჟი, რომელთა ადგილზე რეაბილიტაციაც შეუძლებელი აღმოჩნდა და აღსადგენად სპეციალურ საამქროშია გადატანილი, ხოლო ის აივნები, რომლებიც ადგილზე რეკონსტრუქციას ექვემდებარებოდა, შეკეთების პროცესშია. იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.
პროექტის მიმდინარეობას თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი ბაგრატიონთან ერთად, ადგილზე გაეცნო და სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებს კონკრეტული მითითებები მისცა.

“მუშაობა მიმდინარეობს ძალიან აქტიურად, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის მიხედვით. მნიშვნელოვანია ის, რომ სადემონტაჟო სამუშაოების პარალელურად ჩვენ დავიწყეთ მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა, იმისათვის, რომ პროცესი არ შეფერხდეს, მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება, შესაბამისად ვხსნით ადგილზე შტაბს, სადაც ყოველდღიურად იქნება ანგარიშების ჩაბარება და დაინტერესებული პირები, მოქალაქეები მიიღებენ ინფორმაციას სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, პერიოდულად მივცემთ მითითებებს მშენებლებსა და ზედამხედველებს, იმისათვის, რომ პროცესი წარიმართოს ნორმალურად. ჩვენი მთავარი აქცენტი, აქაც, სამუშაოების დროულად და ხარისხიანად წარმოებაზე იქნება გაკეთებული,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზე, სპეციალურად მოწყობილ საამქროში მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრით დათარიღებული ფასადური ორნამენტების რესტავრაცია მიმდინარეობს. ორნამენტები გასუფთავებისა და პირვანდელი სახით აღდგენის შემდეგ, ძველ ადგილებს დაუბრუნდება, რის შემდეგაც შეიცვლება ქუჩაზე არსებული ვიტრაჟები და ფანჯრები, ამასთან, შეკეთდება სახურავები და შეიღებება ქუჩის ფასადური ნაწილი.

პროექტი “ახალი ტფილისი” გულისხმობს ქალაქში ახალი მასშტაბური საზოგადოებრივ-რეკრეაციული სივრცეების გაჩენას, ახალი ტურისტული მარშრუტის შექმნას, მოედნების, გალერეების მოწყობას, ისტორიული უბნების არქიტექტურული იერსახის შენარჩუნებასა და განვითარებას.
პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ, აღმაშენებლის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება. აღნიშნულ არეალში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 47 საცხოვრებელ სახლს, სადაც უმეტესწილად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება საინჟინრო და საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ინფრასტრუქტურა, გამაგრდება და პირვანდელი სახით აღდგება ისტორიული შენობა -ნაგებობები, განახლდება გამზირის იერსახე – საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი, მოეწყობა გადასასვლელები, მოპირკეთდება ქუჩა, დამონტაჟდება ახალი განათების სისტემა და მანიშნებლები, გამწვანდება ტერიტორია.
ამასთან, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შემდეგ ტერიტორია სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

პროექტ “ახალი ტფილისი”-ს პირველი ეტაპი 2016 წლის ბოლომდე დასრულდება.

news
: news თებერვალი 21, 2016 12:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,226
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics