„ჩვენი კურსანტების დაკარგვა ქვეყნისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია“

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნიუ-ჯერსის შტატში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ნიუ-ჯერსის შტატში ჩვენი ორი ახალგაზრდა სამხედრო კურსანტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ ამ უდიდეს ტკივილს.

სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიაში იღებდნენ განათლებას. მათი ცოდნა სწორედ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს, საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას მოხმარდებოდა.

ჩვენი კურსანტების დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკლისია ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, თანავუგრნობ საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და სრულიად საქართველოს“, – აცხადებს ჯანელიძე.

რიგითი სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და რიგითი ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.

ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.

რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის საზღვაო თავდაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.

banner
წინა სტატიაში“იქნებ როგორმე დაგვეხმაროთ და ორი შვილის დედა საწოლში ჩავარდნილი არ დავტოვოთ”
შემდეგი სტატია“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივას მხარს უჭერენ