ქიბარ ხალვაშის ადვოკატი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას მიმართავს

ქიბარ ხალვაშოის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნები ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების საქმიანობისთვის ბარიერს არ წარმოადგენს.

როგორც ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გარკვეული ძალები და პირები კერძო სუბიექტებს შორის დავის საკითხის პოლიტიზებას ცდილობენ.

“4 აგვისტოს, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის ნომინალური მეპატრონეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა წილების და ქონების დაყადაღება მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ 2006 წლის დეკემბერში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უშუალო ზეწოლით უკანონოდ წართმეული „რუსთავი 2“-ის წილის დასაბრუნებლად ბრძოლა ქიბარ ხალვაშმა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მიმართა. ეს ფაქტი აღწერილია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 წლის 25 თებერვლის საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მოხსენებაში. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი პრეტენზიები მიმართულია არა რუსთავი 2-ის, როგორც ტელეკომპანის, მისი ჟურნალისტების, არამედ ტელეკომპანიის ნომინალური მესაკუთრეების წინააღმდეგ. სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნები ტელეკომპანიის ჟურნალისტების საქმიანობისთვის ბარიერს არ წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, სამწუხაროა, რომ გარკვეული ძალები და პირები ცდილობენ კერძო სუბიექტებს შორის დავის საკითხის პოლიტიზებას. ჩვენ დაინტერესებული ვართ, სამართლებრივი დავა, რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანით წამოვიწყეთ, ქართული და საერთაშორისო საზოგადოებების მონიტორინგისა და სრული გამჭვირვალობის პირობებში მიმდინარეობდეს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მედიისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა სასამართლო დავის განხილვის ყველა ეტაპზე. სწორედ ეს იქნება გარანტი იმისა, რომ სასამართლო პროცესი წარიმართოს გამჭვრვალედ და არ მოხდეს ტელეკომპანიისა და ჟურნალისტების საქმიანობის შეფერხება, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სიტყვის თავისუფლებას. ჩვენ მზად ვართ ღია თანამშრომლობისთვის მედიასთან, არასამთავრობო სექტორთან და დაიტერესებულ საზოგადოებასთან”, – აღნიშნულია ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელიას მრჩეველს მოსკოვში ელოდებიან
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავრიანი – მოასვენეთ ის ადამიანი, სადაც არის და დაამთავრეთ