მიხეილ მაჭავრიანი – მოასვენეთ ის ადამიანი, სადაც არის და დაამთავრეთ

მოასვენეთ ის ადამიანი, სადაც არის და დაამთავრეთ, – ასე განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, მიხეილ მაჭავარიანმა დღეს, ნაფიცი მსაჯულების პირობებში ხარშილაძისა და ძაძამიას საქმეზე დაკითხვისას .
მიხეილ მაჭავარიანი გააღიზიანა პროკურორების შეკითხვებმა – ეპარებოდა თუ არა მას ეჭვი გარკვეულ გარემოებებში, მათ შორის იმაში, რომ სახლში, სადაც ყოფილი პრემიერი გარდაცვლილი აღმოაჩინეს, გაზი საერთოდ არ იყო, დაცვის წევრები კი აცხადებენ, რომ გაზის ხმა ისმოდა, როდესაც სახლში შევიდნენ.
მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ გამოძიების მასალებს ამ წლების განმავლობაში გაეცნო და გამოძიების ოფიციალურ ვერსიაში ეჭვი არ ეპარება. მან გაიხსენა პოლიტიკაში მოსვლაც, რომელიც მისი თქმით, სწორედ ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა.
ადვოკატის შეკითხვაზე საპასუხოდ კი, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანიასთვის, როგორც მეგობრისთვის, არ უღალატია.
“მისი სახელისთვის არ მიღალატია. შეგიძლიათ ჩემი ანგარიშები გადაამოწმოთ. რაც მანამდე მქონდა, ის მაქვს ახლაც”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
მან მიხეილ სააკაშვილისა და ჟვანიას ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერსა და ყოფილ პრეზიდენტს ურთიერთობა დაძაბული არ ჰქონიათ.
რაც შეეხება გამოძიების მასალებს, მიხეილ მაჭავარიანის თქმით, იგი იცნობს როგორც საქართველოს პროკურატურის მასალებს, ასევე ამერიკის ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას.
მაჭავარიანის თქმით, პროკურატურაში რამდენჯერმე იმყოფებოდა. მათ შორის, ზურაბ ჟვანიას მეუღლესთან ერთადაც.
“ჩემთვის მთავარი იყო გამეგო, ზურაბ ჟვანია მოკლეს და მიიყვანეს იმ ბინაში, თუ გარდაიცვალა. გავეცანი მასალებს, რის შემდეგაც ეჭვი აღარ მეპარება გამოძიების ოფიციალურ ვერსიაში, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
რაც შეეხება ჟვანიას დაცვის უფროსის, კობა ხარშილაძისა და ყოფილი პრემიერის ურთიერთობას, მაჭავარიანმა ამ საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჟვანიას ხარშილაძესთან არ ჰქონია დამოკიდებულება, როგორც დაცვის წარმომადგენელთან. მისი თქმით, ისინი ახლო მეგობრები იყვნენ. ყოფილი პრემიერი კი, როგორც მაჭავარიანი აცხადებს, დაცვის გარეშე ან დაცვის მხოლოდ ერთი წევრით ხშირად გადაადგილდებოდა. ასევე ჟვანიას ყოფილმა თანაგუნდელმა განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერს კონსპირაციული შეხვედრები მისი თანამდებობიდან გამომდინარე, ხშირად ჰქონდა, მათ შორის პირადად მასთანაც. ასევე მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ზურაბ ჟვანიას ჰქონდა კონსპირაციული ბინები, სადაც მართავდა მსგავს შეხვედრებს.
“რამდენიმე ასეთ შეხვედრაზე მეც ვყოფილვარ. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ მას ჰქონდა საიდუმლო ბინები და ვიცოდი კონსპირაციული შეხვედრების შესახებაც. ის იყო პრემიერი და ასეთ შეხვედრებს მართავდა. უნდა დასრულდეს ეს სპეკულაციები. მე ეჭვი არ მეპარება ოფიციალური გამოძიების ვერსიაში”, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. დაკითხვა საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 3 საათი გრძელდებოდა.

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაშის ადვოკატი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას მიმართავს
შემდეგი სტატია“ბარსელონა” უკვე თბილისშია (+ფოტოები)