სოფლის მეურნეობის სამინისტრო მანდარინზე სუბსიდირებას იწყებს

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ციტრუსის სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი ინფორმაციით, „ნარინჯისფერი რთველი“ უახლოეს დღეებში დაიწყება. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას იწყებს.

„გასული წლის მსგავსად, პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 10 თეთრიან სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის შესყიდვის შემთხვევაში, კომპანიებს სახლემწიფო სუბსიდიის გარდა, საშუალება აქვთ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ საბრუნავი კომპონენტის ფარგლებაში აიღონ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას აღნიშნული სააგენტო განახორციელებს“, – განაცხადა მინისტრმა.

დანელიას განცხადებით, მიმდინარე წელს ციტრუსის სავარაუდო მოსავალი 100 ათას ტონაზე მეტი იქნება, ხოლო მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია. მისივე ინფორმაციით, ქართული ციტრუსი ექსპორტზე უკრაინაში, რუსეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში გავა.

მინისტრის თქმით, ექსპორტზე მხოლოდ კარგი ხარისხის მანდარინი გავა, ხოლო სუბსიდირება მხოლოდ არასტანდარტულ მანდარინზე მოხდება. ჯერ-ჯერობით უცნოპბია, თუ რა ფასში მოხდება ციტრუსის ექსპორტზე გატანა, რადგან დანელიას თქმით, ციტრუსზე ფასს ბაზარი ადგენს.

ამასთან, როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, „ნარინჯისფერი რთველის“ ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ბათუმში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის შენობაში, საკოორდინაციო შტაბი გაიხსნება, რომელიც 09:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებს. ამოქმედდება ასევე ცხელი ხაზი 2 47 01 01, სადაც მსურველებს ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.

banner
წინა სტატიაშიქიბარ ხალვაში სასამართლო პროცესებზე მონიტორინგის დაწესებას ითხოვს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ვფიქრობ, ბევრი საინტერესო იდეა დაიბადა