სოფელ ჭიკაანის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

http://www.timer.ge/?p=42315

ყვარლის რაიონის სოფელ ჭიკაანის მკვიდრის 56 წლის გია რაზმაძის განცხადებით, სოფლის მცხოვრებლებს წუხანდელი სტიქიის შედეგად ძალიან დიდი ზარალი მიადგათ.
როგორც  გია რაზმაძემ განაცხადა, ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელებიდან კი სოფელში ჯერ არავინ მისულა და მათი მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა.
რაზმაძის თქმით, რამდენიმე წუთის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ მრავალწლიანი ხეხილის ხეები და ვაზი გაანადგურა. ასევე, ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სახლებს სახურავები ახადა, შუშები ჩაამსხვრია.
“ასეთი სეტყვა ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს. თვალით აუწერელი უბედურება იყო. კაკლისოდენა სეტყვამ შუშები ჩაამსხვრია. ყველანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ხალხი ჯერ კიდევ შოკირებულია. თუ რამე ხეხილი იყო მიწასთან არის გასწორებული. სეტყვა 21:00 საათის შემდეგ დაიწყო და 10-15 წუთი გრძელდებოდა. თან ქრიშხალი ერთვოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა. ალბათ ხალხი გავა რაიონში და მიაკითხავს ხელისუფლებას. სტიქიამ ზოგიერთ სახლს სახურავი გადახადა”, _ აღნიშნა რაზმაძემ.
მისივე თქით, წელს მისი ერთ ჰექტრამდე ვენახი სამჯერ დაისეტყვა, სადაზღვევო კომპანია “ირაომ” მისი ვენახი 30%-ით შეაფასა. წუხანდელი სეტყვის ზარალზე კი რაზმაძეს სადაზღვევო კომპანიაში განაცხადი ჯერ არ გაუკეთებია. იგი აპირებს სადაზღვევო კომპანიას კვლავ მიმართოს.

banner
წინა სტატიაშიაქცია თბილისში – კანცელარიასთან აფხაზეთიდან დევნილები შეიკრიბნენ
შემდეგი სტატიანატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი 27 აგვისტოს გაიხსნება