თბილისში ურბანული პროექტი „მომავლის ქალაქი” იწყება

თბილისის მერია და ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი გერმანიაში – ფრაუნჰოფერი, ერთობლივ გლობალურ პროექტს „მომავლის ქალაქი“ იწყებენ.

პროექტი „სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს მონაწილეობითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაიწყება.

როგორც „სითი ინსტიტუტი საქართველო“-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა, პროექტის ფარგლებში განიხილება ურბანული პროცესები და მართვა, ენერგიის განახლებადი წყაროები და CO2 -ის შემცირება, შენობა-ნაგებობები და ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა, მობილურობა და ტრანსპორტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე უსაფრთხოება.

სალუქვაძის განმარტებით, დღეს თბილისში სტუმრად ჩამოვიდა „ფრაუნჰოფერის“ დელეგაცია დოქტორ მარიუს მორის ხელმძღვანელობით.

“დელეგაცია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურში შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილავს პროექტის დაწყების დეტალებს და სამუშაო გრაფიკს, ურბანული მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიასა და თბილისის განვითარების მომავალი სამოქმედო გეგმის მონახაზს. პროექტს კონსულტირებას გაუწევს ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველო“, რომლის ძირითად მიზანს საქართველოში სივრცითი მოწყობის, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარებითი პრობლემების შესწავლა, ანალიზი და გადაჭრის გზების ძიება წარმოადგენს. „სითი ინსტიტუტი საქართველო“, „ფრაუნჰოფერის“ კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აპირებს ის უახლესი და თანამედროვე კონცეფციები და მიდგომები, რომლებიც „ფრაუნჰოფერის“ მიერ წარმატებით ინერგება მსოფლიოს ქალაქებში, ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს სხვა ქალაქებისთვისაც. ამ პროექტის ფარგლებში თბილისის ახალი ურბანული განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც თბილისი პირველი “მომავლის ქალაქი” იქნება რეგიონში”,- განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.

banner
წინა სტატიაშიგანათლების მინისტრი ზუგდიდის საგამოცდო ცენტრს ეწვია
შემდეგი სტატიაახლობლების ინფორმაციით, აფაქიძის 13-ში შენობის დემონტაჟზე მე-10 კლასის მოსწავლეც მუშაობდა