დიმიტრი ხუნდაძე – ხმის მიცემის დროს არ იქნება გათვალისწინებული არც მეგობრობა, არც გუნდურობა და არც სხვა გარემოება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ, დღეს, სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” უზენაესი სასამართლოს კანდიდატისთვის პარლამენტში ხმის მიცემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
“კამათი იმაზე, რომ მოქმედ პოლიტიკოსს ან პარტიის წევრს ნამდვილად აქვს უფლება ამ პროცესში მონაწილეობის მიღების, უკვე ამოწურულია. ჩვენ მივიღეთ პასუხი პრეზიდენტისგან, რომ ეს იყო პროდუქტიული დისკუსია და აღნიშნული კრიტერიუმი არ იქნება შემაფერხებელი რომელიმე კანდიდატისთვის. რამდენიმედღიანი კამათი ამ საკითხთან დაკავშირებით იყო გაუგებრობა და არა განხეთქილება უმრავლესობაში”, – წერს ხუნდაძე.
რაც შეეხება მის მხარდაჭერას რომელიმე კანდიტატის მიმართ, ხუნდაძე ამბობს, რომ აქვს ძალიან კატეგორიული და პრინციპული პასუხი.
“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა არის უმნიშვნელოვანესი საკითხი თითოეული ჩვენგანისათვის, უფრო მეტიც, ჩვენი დეპუტატობის პერიოდში ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ჩვენ ვირჩევთ სასამართლო ხელისუფლების 10-წლიან მმართველს, რომელიც უნდა გახდეს სამართლიანი სასამართლოს გარანტი.
რადგან ეს არის ერთადერთი შემთხვევა თავისი მნიშვნელობით, ამიტომ ხმის მიცემისას მე ვიღებ პირად პასუხისმგებლობას, სადაც არ იქნება გათვალისწინებული არც მეგობრობა, არც გუნდურობა და არც სხვა გარემოება. თუკი წლების შემდეგ პასუხს მომთხოვენ ჩემს გადაწყვეტილებაზე, მე ხელს ვერ გავიშვერ პოლიტიკური გუნდისკენ, მე პირადად უნდა ვაგო პასუხი ჩემს არჩევანზე.
იმედი მაქვს, ყველა დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის თუ უმცირესობის, ასევე ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები, მიიღებენ სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას. რადგან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისაგან, შესაბამისად ჩვენი გადაწყვეტილებაც თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენისაგან.
ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი, სადაც მე ვიღებ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში ჩემი პოლიტიკური გუნდის ნებისმიერი მოსაზრება არის უპირატესი და გასათვალისწინებელი ჩემთვის”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს
შემდეგი სტატია“ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანას მართავს პარანოიკი”-ირმა ნადირაშვილი ბიძინა ივანიშვილზე