დავით უსუფაშვილი: ჩვენ გვაქვს ეს დოკუმენტი, კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

ევროკავშირთან და სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ ფეხზე, – აღნიშნული განცხადებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკომისარის ფედერიკა მოგერინის განცხადებას გამოეხმაურა.
უსუფაშვილმა კომენტარი საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებებზეც გააკეთა, რომელიც ნატო-ში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის ამ ეტაპზე უარის თქმას ეხება.
“ევროკავშირთან და სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან მყარად ვდგავართ ფეხზე. ყველას შევახსენებ, ვინც ამ ამბავმა რაღაცნაირად შეაშფოთა, რომ საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს იურიდიული დოკუმენტი – ამას ჰქვია “ასოცირების შეთანხმება” და იმ შეთანხმებაში რაც წერია, ცხადია, შესრულდება საქართველოს მხრიდანაც და ევროპის მხრიდანაც. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, ეს არის სწორედ ის გზა, რაზეც ჩვენ შევუთანხმდით ევროკავშირს და რაც გაგრძელდება, რომლის შეცვლას და გადახედვას არავინ აპირებს. რაც შეეხება ამ განცხადებას, რასაც აჟიოტაჟი მოჰყვა, შეგახსენებთ, რომ ამ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამაში გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებმაც უკვე მოაწერეს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, არიან სხვა ქვეყნები, რომლებსაც ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამთ. ამიტომ, ჩვენ ნუ დავიყვანთ ყველაფერს რასაც ევროპაში ამბობენ, რომ ეს ეხება საქართველოს და საქართველოზეა საუბარი. ჩვენ უნდა ვიყოთ მყარად. ჩვენ გვაქვს ეს დოკუმენტი, გვაქვს ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
რაც შეეხება ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას, უსუფაშვილის თქმით, ნატოში გადაწყვეტილებებს იღებს არა ერთი ქვეყანა, არამედ ყველა წევრი სახელმწიფო.
“წევრი ქვეყნები ერთმანეთს ანგარიშს უწევენ გადაწყვეტილებების მიღების დროს. ჩვენ ნატოსთან გვაკავშირებს ასევე ძალიან მყარი შეთანხმება, ის პაკეტი შეთანხმების, რომელიც მივიღეთ უელსის სამიტზე, რომელიც ჩვენ აცილებლად უნდა შევასრულოთ და წარვსდგეთ პირნათელი ჩვენს პარტნიორებთან 2016 წლის ნატოს სამიტისთვის. მანამდე ამ ტიპის მოსაზრებები, განცხადებები საქართველოში გამოთქმული თუ სხვა ქვეყნებში გაჟღერებული, მივიღოთ როგორც მოსაზრებები, განცხადებები და პოზიციები, რომელიც ვერანაირ გავლენას თავად იმ პროცესზე ვერ მოახდენს, რომლის შინაარსი და არსი განსაზღვრულია ნატო-სა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმებებით”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისავალუტო კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის, სათადარიგო გეგმაზე გადავიდეს
შემდეგი სტატიანიკა მელია: დედაქალაქის მთავრობის შეურაცხმყოფელი და უუნარო შემადგენლობა უნდა გადადგეს