დავით ბაქრაძე ბრიუსელში კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს (EUGBC) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “საქართველოს ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაში” სიტყვით გამოვიდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, დავით ბაქრაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების განხორციელებაა. მან ისაუბრა კონკრეტულ შედეგებზე, რაც საქართველომ 2014 წლის სამოქმედო გეგმის განხორციელებით აჩვენა და ყურადღება გაამახვილა 2015 წლის გეგმის მთავარი პრიორიტეტებზე. დავით ბაქრაძის თქმით, ამ პროცესში საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბიზნეს სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციებსა და თანამშრომლობას. სახელმწიფო მინისტრმა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული როგორც ფინანსური, ასევე ინტელექტუალური დახმარების შესახებ ისაუბრა, ასევე, დასავლელ პარტნიორებისა და ბიზნესმენების მხრიდან გარდამავალ პერიოდში მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძე, ასევე, სიტყვით გამოვიდა EUGBC-ის ექსპო და ეკონომიკის ფოტო-გამოფენაზე.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტროსთან აქცია იმართება
შემდეგი სტატიასოლიდარობის ფონდმა ამ ეტაპზე 88 ბავშვის მკურნალობა დააფინანსა