სოლიდარობის ფონდმა ამ ეტაპზე 88 ბავშვის მკურნალობა დააფინანსა

სოლიდარობის ფონდის მიერ ამ ეტაპზე 88 ბავშვის მკურნალობა დაფინანსდა, აქედან 40 მათგანი საზღვარგარეთ გაიგზავნა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ სასტუმრო “რედისონში” განუცხადა.
სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელი მარიამ ჯაში და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდებიან.
როგორც ნინო კობახიძემ აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, სადაც ბიზნესასოციაციისაგან მიიღეს შეთავაზება, რომ ასეთი ტიპის შეხვედრა შემდგარიყო. ნინო კობახიძის თქმით, შეხვედრაზე სოლიდარობის ფონდი დეტალურ პრეზენტაციას წარდგენს. მისივე თქმით, ბიზნესასოციაცია გეგმავს დიდი სამუშაო სადილის გამართვას, სადაც წარმოდგენილი იქნება ბიზნესი და შემოსული თანხები სოლიდარობის ფონდში გადაირიცხება.
“უკვე 88 ბავშვი დაფინანსდა, აქედან 40 გაიგზავნა საზღვარგარეთ. დაფინანსდა ძვირადღირებული მკურნალობები, მათ შორის 200 000 დოლარის მოცულობით, ისეთი დაავადებების მკურნალობის ასანაზღაურებლად, როგორიცაა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია. სულ რამდენიმე დღის წინ მოვინახულეთ ბუკა ნიკურაძე, რომელიც სოლიდარობის ფონდის ჩართულობით გახდა უკეთ და შესაძლებობა მიეცა რომ ოპერაცია გაეკეთებინა თურქეთში. ასევე ვგეგმავთ ყველა საერთაშორისო დონეზე კლინიკებთან თანამშრომლობას, რომ რაც შეიძლება დაბალი ტარიფები მივიღოთ სოლიდარობის ფონდის მიერ გაგზავნილი ბავშვებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ფონდის მუშაობაში ჩართულია 40 000 საჯარო მოხელე და 17 ბიზნესსტრუქტურა.
“ასევე გვინდა იმდენი შევაგროვოთ, რომ შესაძლებელი გახდეს დამატებითი ფასდაკლებების მიღება ძვირადღირებული მედიკამენტებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე ბრიუსელში კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
შემდეგი სტატიაბესელია-ვოლსკი… ზუგდიდში დახვედრის ექსკლუზიური კადრები (ფოტოები)