„ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავაც გადამრჩენელ რგოლად გამოიყენა“

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იმაზე, რაც ლარის კურსს დაემართა, პასუხისმგებლობის 70% ხელისუფლებას ეკისრება.

ლარის კურსთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ნინო ბურჯანაძე „ობიექტივის“ ეთერში გამოეხმაურა.

„აქაც მე ვხედავ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავაც გადამრჩენელ რგოლად გამოიყენა. შაჰ-აბასის არ იყოს, თავის შვილს ხომ არ მოჭრის თავს. უნდა დააბრალოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა საკუთარ მთავრობას. ეროვნულ ბანკს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამაში ნამდვილად აქვს, მაგრამ 100%-იანი პასუხისმგებლობიდან, რაც ჩვენ ეროვნულ ბანკს უნდა დავაკისროთ, შეიძლება იყოს დაახლოებით 30%. პასუხისმგებლობის დანარჩენი 70% იმაზე, რაც ლარის კურსს დაემართა, არის აბსოლუტურად ჩვენს მთავრობაზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანა ეროვნული ვალუტის კრიზისამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის უმოქმედობამ მიიყვანა.

“სწორედ ეროვნული ბანკის კომპეტენცია და პირდაპირი მოვალეობა იყო სიტუაციის სწორად მართვა, რათა საქმე არ მისულიყო არაადეკვატურ განვითარებამდე. ჩვენ კი დავინახეთ საწინააღმდეგო, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნულმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ თავისი უმოქმედობითა და არასწორი ქმედებებით ეროვნული ვალუტის კრიზისამდე მიგვიყვანა “, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„ნაბიჯები, რომელიც უკრაინამ საქართველოსთან მიმართებაში გადადგა, უკიდურესად არამეგობრულია“
შემდეგი სტატიაივლიანე ხაინდრავა – მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ერთიანი კონსოლიდირებული პოზიცია კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე