„ნაბიჯები, რომელიც უკრაინამ საქართველოსთან მიმართებაში გადადგა, უკიდურესად არამეგობრულია“

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

ოპოზიციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ უკრაინის მთავრობაში ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების დანიშვნა საქართველოს ხელისუფლების მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებაა.

როგორც „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ტელეკომპანია „ობიექტივს“ განუცხადა, ამ ფონზე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უკრაინაში ვიზიტი გაუმართლებელია.

„პირდაპირ ვიტყვი – ის ნაბიჯები, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოსთან მიმართებაში გადადგა, ეს არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი. საერთოდ უთავმოყვარეობის მწვერვალი იყო, რომ ამისდა მიუხედავად, ჩვენი პრეზიდენტი ადგა და უკრაინაში ჩავიდა. როდესაც შენს ქვეყანას ასეთ სილას აწნავენ, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს, რომელზეც შენ ძებნა გაქვს გამოცხადებული, იქ საგარეო ურთიერთობებში მთავარ მრჩევლად ასახელებენ, ასეთ უთავმოყვარეობას იჩენ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გამოიჩინა, ამ დროს ნამდვილად არ ვართ პატივისცემის ღირსი და ამიტომაც არ გვცემენ პატივს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ეს არის ხელისუფლების აბსოლუტური უუნარობის მაჩვენებელი და ამ ყველაფერზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად 22 თებერვალს კიევში „ღირსების მარშში“ მიიღო მონაწილეობა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოში 4 ბრალდება აქვს წაყენებული. მათ შორის, 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევასა და “იმედში” შეჭრაზე. ამასთან, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არკადი პატარაკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების გამო. სააკაშვილი ბრალდებებს არ აღიარებს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე და 2008 წლის 20 იანვრიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე იყო.

უკრაინის მთავრობაში საქართველოს წინა ხელისუფლების რამდენიმე წევრია წარმოდგენილი, მათ შორის, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი. ეკატერინე ზღულაძე კი, რომელიც საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, უკრაინაშიც ამავე თანამდებობას იკავებს. უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე დაინიშნა.

banner
წინა სტატიაში„შეიძლება 2-3 კვირაში ვიხილოთ ისიც, რომ გიგი უგულავა გამოუშვან ციხიდან“
შემდეგი სტატია„ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავაც გადამრჩენელ რგოლად გამოიყენა“