ზვიად რატიანის საქმეზე ინსპექტორმა შსს სამართალდამრღვევად ცნო

EMC-ის განცხადების საფუძველზე, ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო.

2018 წლის 11 იანვარს, EMC – იმ განცხადებით მიმართა ინსპექტორს და მოითხოვა ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით შემდეგი გარემოებების კანონიერების შესწავლა:

პოლიციელების მიერ ზვიად რატიანთან კომუნიკაციის პირადი მობილური ტელეფონით გადაღება;

ზვიად რატიანის შესახებ მობილურით გადაღებული ჩანაწერის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემა;

2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით, ინსპექტორმა ორივე საკითხთან დაკავშირებით შსს სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

პირადი მობილურის გამოყენება:

პირადი მობილურით გადაღებასთან დაკავშირებით, ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ზვიად რატიანი შეჩერებული იყო სპეციალური საპოლიციო კონტროლის (ე.წ. რეიდის) ფარგლებში. ამდენად, შსს-ს ვიდეოგადაღების პროცესი “პოლიციის შესახებ” კანონით დადგენილი წესების შესაბამისად უნდა ეწარმოებინა.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “მობილური ტელეფონი (მათ შორის თანამშრომლის მფლობელობაში არსებული) არ შეესაბამება “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ ტექნიკურ საშუალებებს, რომლებითაც ნებადართულია ვიდეოგადაღება, მათ შორის სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს.” გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ საშუალებებს, რომელთა გამოყენებითაც უნდა განხორციელდეს ვიდეოგადაღება. ამ საშუალებების ჩამონათვალში კი მობილური ტელეფონი არ შედის.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ინსპექტორის გადაწყვეტილება დამატებით მიუთითებს, რომ მობილური ტელეფონით ვიდეოგადაღებისა და შემდგომში მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეგულაცია შემუშავებული არ არის.

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მასალის გაზიარება

ინსპექტორის განმარტებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეძლევა სასამართლო პროცესის ვიდეოჩაწერის უფლებამოსილება, რაც ავტომატურად არ გულისხმობს მხარეების მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი მასალების მიღების უფლებას. ამდენად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა პროცესზე მტკიცებულების სახით წარდგენილი მასალების საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემის გზით დამუშავების უფლებამოსილება.

გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ “ზვიად რატიანის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება სახის დაფარვითა თუ მის გარეშე ვერ იქნება მიჩნეული საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად, ვინაიდან აღნიშნული მიზანი მიიღწეოდა ამ მოცულობით მონაცემთა დამუშავების (ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება) გარეშე, საზოგადოების ინფორმირების გზით.”

ამდენად, ინსპექტორმა დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა მონაცემების დამუშავებას კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე და მონაცემთა დამუშავებისთვის დადგენილი პრინციპების დარღვევით.

გენერალური ინსპექციის რეაგირება

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ პირადი მობილურით გადაღების წარმოების საკითხზე EMC-მ ასევე მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას. გენერალურმა ინსპექციამ იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე მსჯელობის გარეშე, რასაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დააფუძნა თავისი გადაწყვეტილება, დაასკვნა, რომ პოლიციელთა მხრიდან დისციპლინურ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია.

უფრო მეტიც, გენერალურმა ინსპექციამ მიგვითითა, რომ “პოლიციელის მიერ პირადი ტელეფონით ან სხვა საშუალებით კონკრეტული ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტოგადაღება არ იკრძალება საკანონმდებლო ბაზის მიხედვით.” ნათელია, რომ გენერალური ინსპექციის მსჯელობა მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას და ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს.

გენერალურმა ინსპექციამ ამავე შეტყობინებაში დაადასტურა, რომ 2017 წლის დეკემბერში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სპეციალურ საპოლიციო კონტროლში (რეიდი), მონაწილეობდა პოლიციის არაერთი ისეთი დეპარტამენტი, რომელთაც ვიდეოგადამღები ტექნიკა საერთოდ არ გააჩნიათ. გაუგებარია, გენერალური ინსპექცია რატომ ვერ ხედავს ამ ნაწილში კანონთან წინააღმდეგობას, მაშინ როცა “პოლიციის შესახებ” კანონი, ისევე როგორც რეიდის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება პირდაპირ ავალდებულებდა რეიდში მონაწილე ყველა პოლიციელს ვიდეოგადაღება ეწარმოებინათ ფორმაზე დამაგრებული ვიდეოტექნიკით.

იმის გათვალისწინებით, რომ ზვიად რატიანის საქმე არ არის გამონაკლისი, როდესაც პოლიცია მოქალაქეებთან კომუნიკაციას პირადი მობილურით აღბეჭდავს, მნიშვნელოვანია, რომ ინსპექტორის ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. მიგვაჩნია, რომ:

პოლიციის ყველა ის დანაყოფი, რომელიც მოქალაქეებთან ამყარებს კომუნიკაციას (განსაკუთრებით კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი) აღჭურვილი უნდა იყოს სამხრე ვიდეოკამერით;

სამხრე კამერების გამოყენების დეტალური წესები უნდა მოწესრიგდეს შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

მობილური ტელეფონის გამოყენების აკრძალვაზე სათანადო მითითებები უნდა გაკეთდეს პოლიციის თანამშრომლებისთვის.

1 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საურვეო საბჭომ მაუწყებელს რატიანის საქმეზე ეთიკური დარღვევები ვერ უპოვა.

ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს. სასამართლომ მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. პროკურატურამ ზვიად რატიანის მიერ სამართალდამცველების მისამართით წაყენებულ ბრალდებაზე გამოძიება დაიწყო. საქმის მოკვლევა დაიწყო გენინსპექციამაც. რატიანის მიმართ პოლიციელთა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი დაუსჯელი რჩება, რაც ხელს უწყობს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას
შემდეგი სტატიასაპროტესტო აქცია აგარაში