ზვიად კვაჭანტირაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან მიღებულ წერილს ასაჯაროვებს

პარლამენტის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან მიღებულ იმ წერილს ასაჯაროვებს, რომელიც ლილიენ მორი პასკიემ მისი და ეკა ბესელიას ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში მონაწილების საკითხთან დაკავშირებით გაგზავნილი წერილის პასუხად დაუბრუნა.

კვაჭანტირაძის თქმით, წერილში დასტურდება ის, რომ გადაწყვეტილება არ არის კანონიერი და პარლამენტს არ უნდა ეჩქარა დელეგაციის ახალი შემადგენლობის ფორმირება იანვრამდე.

“იცით დამოკიდებულება, რაც შეიქმნა პარლამენტში ჩვენი დელეგაციაში ჩართულობასთან დაკავშირებით. ის გადაწყვეტება, რაც მიიღო მაშინ პარლამენტმა იყო ყველა პროცედურული წესის დარღვევით გადადგმული ნაბიჯი. მინდა გაცნობოთ, რომ იმას, რასაც ვადასტურებდით ამდენი ხნის განმავლობაში ამტკიცებს ის წერილი, რომელიც 8 აპრილს გაგზავნილი წერილის პასუხად მივიღეთ ევროპის საბჭოს საპარლმენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან, მორი პასკიესგან და მასში დასტურდება ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ გადაწყვეტილება არ არის კანონიერი, პარლამენტს არ უნდა ეჩქარა დელეგაციის ახალი შემადგენლობის ფორმირება იანვრამდე, მითუმეტეს, რომ იანვარში შესაძლებელია მთლიანად შეიცვალოს დელეგაცის შემადგენლობა.

წერილში წერია, რომ ქალბატონ პასკიეს, როგორც პრეზიდენტს და ასევე გენერალურ მდივანს ჰქონდა ამ თემაზე საუბრები დელეგაციის ხელმძღვანელ თამარ ჩუგოშვილთან და აქ პირდაპირ წერია – “როგორც ვხვდები საქართველოს დელეგაციის შემადგენლობიდან თქვენი კანდიდატურები არ იქნება ამოღებული ახალი წლის დაწყებამდე”.

რაც შეეხება დელეგაციის წევრების მივლინების დაფინანსების საკითხს, პასკიეს წერილში წერია – „ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ეროვნული პარლამენტები ვალდებული არიან აანაზღაურონ ასამბლეაში თავიანთი წარმომადგენლობების ხარჯები და მათი შესრულება პარლამენტების ხელშია ასამბლეის სხვადასხვა ორგანოებში მათი სათანადოდ წარმოდგენის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, ჩემ პასუხს ვუგზავნი საქართველოს დელეგაციის მდივანს, თამარ ჩუგოშვილს წარსადგენად და ვიმედოვნებ, რომ დელეგაციის დაფინანსების წყარო გამოიძებნება დელეგაციაში თქვენი მონაწილეობის მისაღებად”.

ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ამ წერილითაც დასტურდება, რომ პარლამენტში აბსოლუტურად თავზეხელაღებული მმართველობის წესია დანერგილი, სადაც უგულებელყოფილია კონკრეტულად დამოუკიდებელი დეპუტატების უფლებები.

მისივე თქმით, მას და ეკა ბესელიას დელეგაციის შემადგენლობიდან ამოღების თაობაზე არანაირი დასაბუთება და პასუხი არ მიუღიათ თამარ ჩუგოშვილისგან, მაგრამ მან დელეგაციის შემადგენლობა მაინც 4 კაცის შემადგენლობით შესთავაზა პარლამენტის თავმჯდომარეს.

“წერილით დასტურდება, რომ ჩუგოშვილს ჰქონდა ამ თემაზე ურთიერთობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან უშუალოდ და ამ წერილიდან ჩანს, რომ ჩვენ არ ვიქნებით ამოღებული სიიდან. თქვენ იცით, რომ ჩვენ სიიდან ბუნებრივად ვერ ამოგვიღებდნენ და უნდა ვივარაუდოთ, რომ არც უნდა ვიყოთ ამოღებულები, მაგრამ დელეგაციის შემადგენლობა მაინც ჩამოაყალიბეს ნაადრევად იმ მოტივით, რომ სხვა დელეგაციების განსაზღვრა აუცილებელი იყო და ამას მიაკერეს ევროსაბჭოს საპარლმენტო ასამბლეის დელეგაციაში ახალი შემადგენლობა, რომელიც შეიძლება ძალიან დრამატულად შეიცვალოს იანვარში. შეიძლება სულ სხვა კონფიგურაცია მოხდეს, შეიქმნას ახალი ფრაქციები და მათაც გაუჩნდეთ კვოტის უფლება. გადაწყვეტილება იყო ძალიან ნაჩქარევი”,-აცხადებს კვაჭანტირაძე.

კვაჭანტირაძის განცხადებით, მათი დელეგაციიდან ამოღება იყო მიუღებელი წესებით ბრძოლა ოპონენტების წინააღმდეგ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული იყოს
შემდეგი სტატიანინო ვიბლიანმა სასწრაფოს მანქანაში გაჩენილი პატარა მოინახულა