ზვიად კუპრავა : ვიწყებთ მოძრაობას იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ დაჩაგრა, მასზე იძალადა და მოტყუებულია

ამ წუთიდან ვიწყებთ მოძრაობას იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ დაჩაგრა, მასზე იძალადა და მოტყუებულია, – ამის შესახებ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ ზაზა სარალიძესთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კუპრავას თქმით, ისინი ყველა იმ ადამიანის უფლებისთვის იბრძოლებენ, ვინც თვლის, რომ „სისტემის მსხვერპლია“.

როგორც კუპრავამ აღნიშნა, შეიქმნება ამ ადამიანების ბაზა, რომელსაც მთავრობას წარუდგენენ და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას მოსთხოვენ.

“ამ წუთიდან ვიწყებთ მოძრაობას იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ დაჩაგრა, იძალადა მასზე და მოტყუებულია. ჩვენ ვიწყებთ იმ ადამიანების რეგისტრაციას, ვინც არის სისტემის მსხვერპლი. რეგისტრაცია დაიწყება ორშაბათს, 11:00 საათიდან „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრში“, პეკინის #39 -ში. ველოდებით ყველას, ვინც არის ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი. ჩვენ ყველასთვის ვიბრძოლებთ, რადგან როგორც საზოგადოება ხედავს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ამ ადამიანებისთვის არ სცალია. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ამ ადამიანების უფლებების დასაცავად.

შევქმნით სრულ ბაზას იმ პირებისა, ვინც არის სისტემის მსხვერპლი. ამ სიას წარვუდგენთ მთავრობას და მოვთხოვთ, რომ ამ ხალხის საქმეების მიმართ გონივრულ ვადაში ხელშესახები ნაბიჯები გადაიდგას,”- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, კუპრავამ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე ამაზე არ ისაუბრებს.
“ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც ეტაპობრივად გავაცნობთ საზოგადოებას. ამ ეტაპზე ამაზე არ ვისაუბრებთ, თუმცა ის ვადა, რომელსაც მივცემთ ხელისუფლებას, გპირდებით, რომ იქნება გონივრული,”- განაცხადა ზვიად კუპრავამ.

banner
წინა სტატიაშიზაზა სარალიძე : პროკურატურა ისევ ცდილობს, რომ ჩემი შვილის მკვლელებს ხელი დააფაროს
შემდეგი სტატიარევაზ არველაძე : საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს მეც ადვილად მოვუგებ