ზუსტად 20 წლის წინ, საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელიც ქვეყნის უახლეს ისტორიაში “ვარდების რევოლუციის” სახელით შევიდა.
უსისხლო სახელმწიფო გადატრიალების მიზეზი 2003 წლის 2 ნოემბრის გაყალბებული საპარლამეტო არჩევნები გახდა, რამაც წერტილი დაუსვა ედუარდ შევარდნაძის და მისი გუნდის თერთმეტწლიან მმართველობას.
2003 წლისთვის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ძალაუფლება მნიშვნელოვანად შესუსტებული იყო. საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა, მმართველმა პარტიამ, რომელმაც მოიგო საპარლამენტო არჩევნები 1999 წელს, უკვე 2000 წლიდან დაიწყო დაშლა. 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში “მოქალაქეთა კავშირი” დამარცხდა. თბილისში არჩევნები მოიგეს “ლეიბორისტულმა პარტიამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ხოლო საქართველოს დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებში – “მემარჯვენეებმა”. სამივე ოპოზიციური პარტია აცხადებდა პრეტენზიას 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ბლოკი შექმნა ზურაბ ჟვანიამ. მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია “გაერთიანებული დემოკრატები” დამარცხდა თვითმმართველობის არჩევნებში 2002 წელს, 2003 წლის დასაწყისიდან მან მოახერხა ანგარიშგასაწევი ბლოკის ჩამოყალიბება. ჟვანიასთან გაერთიანდნენ “საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი” აკაკი ასათიანის მეთაურობით და იმ დროისთვის პოპულარული პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. ბლოკი არჩევნებში მონაწილეობდა სახელწოდებით “ბურჯანაძე – დემოკრატები”.
2003 წლის დასაწყისიდან “მოქალაქეთა კავშირი” შეეცადა საკუთარი პოზიციების გაძლიერებას და ჩამოაყალიბა ალიანსი “ახალი საქართველოსთვის”, რომელსაც შეუერთდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და საქართველოს სოციალისტური პარტია. არჩევნებში ასევე მონაწილეობდა “დემოკრატიული აღორძინების კავშირი”, რომელიც მმართველ ძალას წარმოადგენდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ტრადიციულად ბევრ ხმებს იღებდა ამ რეგიონში.
არჩევნების მნიშვნელობას ზრდიდა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით 2005 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო და რომელშიც მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა ედუარდ შევარდნაძე. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ძალის ლიდერი იქმნიდა მნიშვნელოვან პლაცდარმს პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში. 2003 წლისთვის პრეზიდენტობის სურვილი დაფიქსირებული ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჟვანიასა და შალვა ნათელაშვილს.
არჩევნები გაიმართა 2003 წლის 2 ნოემბერს. იმავე ღამით, გრიბოედოევის თეატრის დარბაზში ნაციონალურმა მოძრაობამ გამარჯვება აღნიშნა. ისინი ეყრდნობოდნენ ეგზიტ პოლების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც პირველ ადგილზე იყო “ნაციონალური მოძრაობა” ხმათა 20,8%-ით, მეორე და მესამე ადგილებზე “ახალი საქართველოსთვის” (12,9%) და საქართველოს ლეიბორისტული პარტია (12,8%).[1] ამ დროისთვის ცესკოს ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნებული ჯერ არ იყო. ცესკომ მხოლოდ ღამის სამ საათზე გამოაქვეყნა პირველადი მონაცემები, რომლითაც ლიდერობდნენ სახელისუფლებო ბლოკი და “ნაციონალური მოძრაობა” მაგრამ საერთო სურათი მაინც ბუნდოვანი რჩებოდა. 3 ნოემბერს უკვე გამოქვეყნდა ხმათა პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა. ამ მონაცემებით 7%-იანი ბარიერი 5-მა სუბიექტმა გადალახა:
ახალი საქართველოსთვის – 21.32%
დემოკრატიული აღორძინების კავშირი – 18.84%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 18.8%
საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 12.04%
ბურჯანაძე-დემოკრატები – 8.79%
ახალი მემარჯვენეები – 7.35%
არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეს შედეგები არ ასახავენ ქართველი ხალხის ნებას.მუხედავად ამისა, ედუარდ შევარდნაძემ 22 ნოემბერს დანიშნა პარლამენტის პირველი სხდომა.
21 ნოემბერს საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდამჭერები რეგიონებიდან თბილისისკენ დაძრეს. ავტოკოლონას წინ მოუძღოდა წალენჯიხის ავტობუსი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა. მოგვიანებით ეროსი კიწმარიშვილმა, რუსთავი 2-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მომიტინგეებმა ხელოვნურად შექმნეს ავტომაგისტრალზე საცობი გრძელი ავტოკოლონის ვიზუალური ეფექტის მისაღწევად.
ოპოზიციის მომხრეები 21 ნოემბერს შევიდნენ თბილისში და თავისუფლების მოედანზე გაჩერდნენ, რადგანაც საქართველოს პარლამენტის წინ კვლავ ხელისუფლების მომხრეთა აქცია იმართებოდა. ოპოზიციამ “ხავერდოვანი რევოლუციის” დაწყება გამოაცხადა. ლეიბორისტულმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა პარლამენტს, მაგრამ არ შეუერთდა შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნასა და საპროტესტო აქციას.
22 ნოემბერს, ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, როცა ედუარდ შევარდნაძე მისასალმებელ სიტყვას კითხულობდა, სხდომათა დარბაზში მომიტინგეები შეიჭრნენ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. შევარდნაძემ დაცვის თანხლებით დატოვა დარბაზი. დარბაზი დატოვეს სხდომაზე გამოცხადებულმა დეპუტატებმა, ასევე, პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიიდან წავიდნენ ხელისუფლების მომხრე მომიტინგეები. საქართველოს პარლამენტის შენობა ოპოზიციის მომხრეებმა დაიკავეს. მოგვიანებით მათ დაიკავეს ასევე სახელმწიფო კანცელარიის შენობა. პოლიციას ხელი არ შეუშლია მომიტინგეებისთვის, დაეკავებინათ პარლამენტისა და კანცელარიის შენობები.
შევარდნაძემ, რომელიც კრწანისის რეზიდენციაში იმყოფებოდა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა მომიტინგეებს, დაეკავებინათ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ტელევიზიის შენობები. ამავდროულად, სააკაშვილმა კლავ მოითხოვა შევარდნაძის გადადგომა, წინააღმდეგ შემთხვევაში კრწანისისის რეზიდენციასთან აქციების გაგრძელებით დაიმუქრა.
23 ნოემბერს, 20 საათზე გაიმართა შევარდნაძისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის შუამავლობით. შეხვედრის შემდეგ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ განაცხადა.პრეზიდენტის გადადგომას სხვა თანამდებობის პირების, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა მოჰყვა.
24 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა, ხოლო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბურჯანაძემ გააუქმა 22 ნოემბერს შემოღებული საგანგებო მდგომარეობა.
“ვარდების რევოლუციაში” პოლიტიკოსებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები. განსაკუთრებით აღსანიშნავია “თავისუფლების ინსტიტუტი” და მისი შვილობილი სტუდენტური მოძრაობა “კმარა”, რომელიც აქტიურ ანტიშევარდნაძისტულ კამპანიას ეწეოდა.
“ვარდების რევოლუციის” შემდეგ აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობები დაიკავეს არასამთავრობო ორგანიზაციათა იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ რევოლუციაში.