შსს: მარტის აქციებზე დაშავებულმა პოლიციელებმა პრეზიდენტს მიმართეს, არ შეიწყალოს გრიგორიადისი

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, არ შეიწყალოს მათზე ძალადობაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი. პრესსამსახურის ინფორმაციას თან ერთვის პოლიციელების წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ხელმომწერი ორი სამართალდამცავია. გავრელებულ დოკუმენტში მათი ვინაობა დაფარულია.

“დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება”, – წერია შსს-ს განცხადებაში, რომელშიც დამატებით აღნიშნულია, რომ “შესაძლოა შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, თუმცა ისინი თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური”.

სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, აქციაზე დაშავებული პოლიციელები, რომლებმაც სხეულის დამწვრობა, სავარაუდოდ, “მოლოტოვის კოქტეილით” მიიღეს, არიან ზურაბ ლურსმანაშვილი და გიორგი ჭოველიძე. გიორგი ჭოველიძემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას თქვა, რომ არ შეუძლია გაიხსენოს, ვინ ისროლა აალებული საგანი, რამაც ის დააზიანა. ზურაბ ლურსმანაშვილის შესახებ კი მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზურაბ გრიგოლაშვილმა 17 ნოემბერს სასამართლოს უთხრა, რომ პოლიციელის სხეულის დამწვრობა იყო ნაკლებად მძიმე დაზიანების კატეგორიის.

 

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: საზოგადოება, რომელშიც ახალგაზრდებს თავიანთი მომავლის იმედი აღარ აქვთ, ის საზოგადოება ძალიან მძიმე დღეშია და ის თავის თავზე ვერაფერს აიღებს
შემდეგი სტატიაზუსტად 20 წლის წინ, საქართველოში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელიც ქვეყნის უახლეს ისტორიაში “ვარდების რევოლუციის” სახელით შევიდა