ზურაბიშვილი – რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში, ეს არის რუსეთის რბილი ძალა საქართველოში, მათ სურთ ქართული საზოგადოების გაყოფა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის აუცილებლად დაადებს ვეტოს „რუსულ კანონს“, რაც მისი თქმით, ქართველი ხალხის ხმის გაჟღერება იქნება. CNN-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგიაა საქართველოში პროვოკაცია და დესტაბილიზაცია მოაწყოს, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.

„საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანების გზაზეა, დეკემბერში ჩვენ უნდა მივიღოთ ევროკავშირის პასუხი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამ დროს მხოლოდ ერთ ქვეყანას აქვს სურვილი ამ პროცესს ხელი შეუშალოს – ეს ქვეყანა არის რუსეთი. ეს არის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ. ამის ერთ-ერთი მაგალითია რუსული კანონი, რომელსაც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელისშემშლელად განიხილავენ.

უამრავი ქართველი ახალგაზრდა აპროტესტებს ამ კანონის მიღებას. ისინი საკუთარ პოზიციას ნათლად გამოხატავენ. ჩემი ვეტო მათი ხმის გაჟღერება იქნება. ჩვენ არჩევნები 26 ოქტომბერს გვაქვს, როდესაც საქართველო თავის არჩევანს გააკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღამდე შევინარჩუნოთ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ საქმიანობას გააგრძელებენ.

ეს არის რუსეთის სტრატეგია, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში. ეს არის რუსეთის რბილი ძალა საქართველოში. მათ სურთ ქართული საზოგადოების გაყოფა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიბუღაძე:მთელი რუსეთი, რუსული პროპაგანდა და ზურგს უმაგრებს ივანიშვილის რეჟიმს
შემდეგი სტატიადაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით, აღმოჩნდა რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი – ელისაშვილი