ზურაბ ჯაფარიძე: „მზად არიან, კიდევ ერთხელ მოატყუონ და აბუჩად აიგდონ გაჭირვებული მოსახლეობა“

საარჩევნოდ სახეზეა პარტიებს შორის სრულიად უპასუხისმგებლო სოცშეჯიბრი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საარჩევნოდ პარტიები „მზად არიან, კიდევ ერთხელ მოატყუონ და აბუჩად აიგდონ გაჭირვებული მოსახლეობა“.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს საკუთარი წინასაარჩევნო ხედვების გამოქვეყნება და როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა მათგანის მთავარი გზავნილი კვლავაც დაკავშირებულია პენსიის მომატებასთან. „ქართულმა ოცნებამ“ ივლისის დასაწყისიდან გაზარდა პენსია 20 ლარით, „ნაციონალური მოძრაობა“ ძირითადად აქცენტს ანალოგიურად აკეთებს პენსიის 50-ლარიანი ზრდის დაპირებაზე. რამდენიმე დღის წინ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ჩაატარეს ბრიფინგი და თეთრი ძაფის ოსტატური გამოყენებით გასცეს დაპირება, რომ პენსიას გაზრდიან 300 ლარამდე. საარჩევნოდ სახეზეა სრულიად უპასუხისმგებლო სოცშეჯიბრი პარტიებს შორის, რომლებიც მზად არიან, კიდევ ერთხელ მოატყუონ და აბუჩად აიგდონ გაჭირვებული მოსახლეობა და ასე მოიპოვონ საპარლამენტო მანდატები. ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემაა სიღარიბე, არსებული საპენსიო სისტემის შენარჩუნებით და უბრალოდ პენსიის ზრდით სიღარიბე არ დაიძლევა, რადგან ეს სისტემა ფულის უდიდეს ნაწილს ანაწილებს შეძლებულ და მდიდარ ოჯახებში. საჭიროა არსებული სისტემის რეფორმირება და საპენსიო ფულის მიმართვა გაჭირვებული ოჯახებისკენ. ეს არის ერთადერთი სწორი გზა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი „ოცნებას“ ვიწრო პარტიულ ინტერესებში ამხელს
შემდეგი სტატიარატომ დაიხურა ქობულეთში ჩერნოვეცკის დაარსებული ბავშვთა პანსიონი