ზურაბ აბაშიძე ევროპის გაფართოების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მონაწილეობს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, ევროპის რეგიონთა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციის (CORLEAP) დელეგაციის ხელმძღვანელის სტატუსით, ბრიუსელში, ევროპის გაფართოების დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას.
ფართომასშტაბიან ღონისძიებაზე, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარე რამდენიმე პლენარულ სესიად იყოფა, ძირითადი აქცენტები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივებზე და ქვეყნებში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე მსჯელობას დაეთმობა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მსვლელობისას, დაგეგმილია დებატები, რომლებშიც ზურაბ აბაშიძე, კიევისა და სელემეტის მერებთან – ვიტალი კლიჩკოსა და ტატიანა ბადანთან, ასევე ზალცბურგის სახელმწიფო პარლამენტის წარმომადგენელ, ფრანც შაუსბერგერთან და უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელ, გეორგ ზიგლერთან ერთად, ჩაერთვება.
ორდღიან შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოება ახალგაზრდობის ევროპული წლის ფარგლებში მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზეც იმსჯელებს და საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ევროპული პროგრამების ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებულ პროგრამებს განიხილავს.
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, 2022 წელი ახალგაზრდობის ევროპულ წლად გამოცხადდა. შესაბამისად, წელს დაგეგმილი ღონისძიებები ევროპელი ახალგაზრდების საჭიროებებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით განხორციელდება.
ევროპის გაფართოების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელიც 6-7 ივლისს ჩატარდება, ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება.

წინა სტატიაშისი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი მჭიდრო კონტაქტებს ინარჩუნებენ – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
შემდეგი სტატია„გალტ & თაგარტის“ ხელშეწყობით „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად 21 კომპანია დარეგისტრირდა