ზუგდიდის ყოფილი მერისა და ვიცე-მერის საქმეზე პირველი მოწმე იკითხება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, ლაშა გოგიასა და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმის განხილვაზე პირველი მოწმე იკითხება.

ექსპერტმა დაადასტურა, რომ საქმეში არსებული მთავარი აუდიოჩანაწერი ავთენტურია და მასში არ არის დაფიქსირებული მონტაჟის კვალი.

„ჩვენ ავიღეთ ამ პირების ხმის ნიმუშები, როგორც ქართულ ისე რუსულ ენაზე, ასევე მეგრულ ენაზე. ჩანაწერები დისკზე მოთავსდა. დადგენილების საფუძველზე, წარმოდგენილი იყო ნივთმტკიცება მეხსიერების ბარათი და დისკები, სადაც ხმის ნიმუშები იყო. მოხდა ამ ჩანაწერების შეფასება და დადგინდა, რომ პირველი ჩანაწერი დიდი ჩანაწერის მოკლე ვერსია იყო, ანუ ამოღებული იყო გარკვეული ნაწილები. გაგრძელდა კვლევები თითქმის ორსაათიან ანუ ვრცელ ჩანაწერზე. სრულად მოხდა კვლევა მონტაჟის ნიშნების დადგენის მიზნით. დადგინდა, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული არ არის, არ ფიქსირდება არც წყვეტა, არც ცვლილებები. ეს კვლევა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, მასალა იყო ხანგრძლივი, მაღალი ხარისხის და ყველა კითხვაზე გავეცით პასუხი“, – განაცხადა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა ასმატ მატუშევსკაიამ.

მერისა და ვიცე-მერის გარდა, განიხილება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიასა და ცრუ ჩვენების მიცემით დაკავებული ხუტა ბაღათურიას საქმე.

სუს-მა გულორდავა და გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გასული წლის პირველ ნოემბერს დააკავა. დაკავებამდე თითქმის ორი თვით ადრე, 13 სექტემბერს, ზუგდიდის არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა მიზეზის დასახელების გარეშე დატოვა. ის მერის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა.

სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.

ლაშა გოგიასა და გია გულორდავას დაკავების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება თენგიზ ქობალიას, გამოძიების ცნობით, მას ჰქონდა ინფორმაცია ქრთამის აღების ფაქტზე, თუმცა ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაული დაფარა.

banner
წინა სტატიაშიეს არჩევნები იყო ყველაზე უარესი არჩევნები, რაც ჩვენ გვქონდა „ოცნების“ პირობებში – არასამთავრობოები ეუთოს დასკვნას ეხმაურებიან
შემდეგი სტატია„ანაკლიის პორტის პროექტი მეგაპროექტია, რომელზეც გამოკვეთილი ინვესტორი აქამდე არ დამინახავს” – დიმიტრი ცქიტიშვილი