ზუგდიდელი ფერმერი სოციალურად დაუცველ ოჯახებს უფასოდ კიტრს ურიგებს

ზუგდიდელი მეწარმე გიორგი გერგედავა, რომელსაც სოფელ ცაიშში კიტრის სათბურები 3832 კვ.მ-ზე აქვს და სეზონზე 25 ტონა მოსავალს იღებდა,გეგმავს სათბურში მოწეული კიტრი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს.

მეწარმე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებს კიტრის რეალიზაციას და მზადაა მთელი მოსავალი უანგაროდ დაურიგოს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მეწარმეს სათბურში ე.წ “დიღმის შუშა” კიტრი მოჰყავს.

მეწარმე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას პროდუქციის ტრანსპორტირებისათვის დახმარების თხოვნით მიმართავს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„ვარ სასათბურე მეურნეობის მფლობელი ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშიდან. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია არის შეჩერებული, რადგან არ ფუნქციონირებენ: რესტორნები, სასტუმროები და საბითუმო ბაზრები არც ერთ ქალაქში. ასევე არ გვაქვს გადაადგილების საშუალება, შესაბამისად, პროდუქციის მიწოდებაც ვერ ხერხდება, რომც მოხერხდეს მყიდველიც არ არის, რადგან ბაზარი არ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეწარმეს გაგვაჩნია უდიდესი ვალდებულება ბანკების წინაშე, ასეთ მდგომარეობას ისინი არ ითვალისწინებენ.

ზუგდიდის მერიას ვთხოვ სოფელ ცაიშში გამოუშვას პიკაპი, რათა გადავცე მიღებული მოსავალი საქველმოქმედოდ, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს. წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის“, – წერს ზუგდიდელი მეწარმე.

გიორგი გერგედავა ამბობს, რომ მოსავლის უფასოდ დარიგებას, პანდემიის დასრულებამდე გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშითიბისი დაზღვევა COVID-19-ის გართულებულ შემთხვევებს დააზღვევს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ მულახში მესაზღვრის მკლელობის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო