ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა, ყალბი FB ანგარიშები – NDI საარჩევნო გარემოზე

region
ავტ.: region ოქტომბერი 20, 2020 16:57

ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა, ყალბი FB ანგარიშები – NDI საარჩევნო გარემოზე

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2020 წლის წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით 8 საერთაშორისო ექსპერტისგან შემდგარი გუნდის ანალიზს აქვეყნებს.

ანალიზი საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, წინასაარჩევნო კამპანიებს, პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობას, მედიას, დეზინფორმაციას და საარჩევნო პროცესებზე კოვიდ-19-ის გავლენას შეეხება.

ტრადიციული მედიის ნაწილში ორგანიზაციის ანგარიშში რამდენიმე გამოწვევა იკვეთება. ექსპერტების შეფასებით, შეშფოთებას იწვევს ბოლო დროს ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის შესახებ ცნობები. ანგარიშში მაგალითისთვის მოყვანილია: საპროტესტო აქცია, რომლის გამოც პანკისში რადიო სადგური იძულებული გახდა დროებით შეეწყვიტა მაუწყებლობა; ბოლნისში ჟურნალისტის სიცოცხლის ხელყოფის მუქარა; ორი ძალადობრივი დაპირისპირება მარნეულში, რომლის დროსაც რეპორტიორიები და გადამღები ჯგუფის წევრები დაშავდნენ და სხვა.

NDI-ის ანგარიშის მიხედვით, კვლავ გამოწვევად რჩება ოპოზიციურად განწყობილ მედიაგადაცემებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მონაწილეობაზე უარის თქმა.

სოციალური მედიის მიმართულებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა დაფინანსებული, კოორდინირებული ანგარიშების მიერ სხვადასხვა პარტიების მიზანმიმართული დისკრედიტაციაა. ანგარიშის მიხედვით, ერთადერთი პარტია, რომელსაც სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის კამპანია არ შეხებია, პატრიოტთა ალიანსია.

“ოპოზიციის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ კოორდინირებული და კარგად დაფინანსებულია; ამასთანავე ჩანს, რომ ამ გვერდების მმართველს სატელევიზიო არქივებზე მიუწვდება ხელი; მმართველი პარტიის მადისკრედიტირებელი გვერდები ნაკლებად ორგანიზებული ჩანს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ექსპერტების შეფასებით, ზოგიერთი პოლიტიკური რეკლამა მიკროტარგეტირებას ეფუძნება, რაც მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებზე დაყრდნობით, მათთვის მეტად დამაჯერებელი გზავნილების შემუშავებასა და გავრცელებას გულისხმობს. ანგარიშის მიხედვით, მიკროტარგეტირების პრაქტიკა განსაკუთრებით ართულებს მათ მონიტორინგს.

ასევე გამოწვევად რჩება პოლიტიკური სუბიექტების და კანდიდატების მიერ დაფინანსებული კონტენტის მონიტორინგი. აუდიტის სამსახურის ცნობით, უწყებას დაფინანსებული მასალების შემოწმება უჭირთ, რადგან პარტიებსა და კანდიდატებს თავიანთი ოფიციალური სოციალური მედიის გვერდების დეკლარირება არ ევალებათ. ამის გარდა, აუდიტის სამსახურს ანონიმურ გვერდებზე გამოქვეყნებული რეკლამების განხილვის ან სანქცირების ინსტრუმენტი არ გააჩნია.

ანგარიში საარჩევნო პროცესში სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობის საკითხსაც ეხება და ამ მიმართულებით რამდენიმე პრობლემას გამოკვეთს. ექსპერტების შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა პარტიების პოლიტიკური პროგრამები ქალების, შშმ პირების და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის გაზრდის შესახებ მოწოდებებს მოიცავს, ხშირ შემთხვევაში, ამ დეკლარირებულ მიზნებს დეტალური გეგმები არ ახლავს თან.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ასევე გამოწვევად რჩება წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ნაკლებობა. მიუხედავად იმისა, რომ პარტიების უმრავლესობას მასალები და პოსტერები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოქვეყნებული აქვთ, ამ დრომდე არ მოიპოვება პარტიების პროგრამების ნათარგმნი ვერსიები.

NDI-ის ანგარიშის მიხედვით, გრძელდება ლგბტ უფლებების დამცველი ჯგუფების ოფისებზე თავდასხმები და მათი დისკრიმინაცია.

“ეს შემთხვევები გამოძიების პროცესშია, თუმცა ჯგუფები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიებში ამ ეტაპზე ჰომოფობია და ტრანსფობია არ ჭარბობს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ჩამოთვლილი გამოწვევების საპასუხოდ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი რამდენიმე რეკომენდაციას გასცემს:

“o ამომრჩევლებისთვის დაბალანსებულ და სანდო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, პოლიტიკურმა პარტიებმა და კანდიდატებმა ყველა დებატებსა და პოლიტიკურ გადაცემაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, რათა მოსახლეობას მათი ხედვები და გეგმები გააცნონ.

o მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს, ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად თავიანთი ლეგიტიმური ფუნქციების შესრულებისა და უფლებების რეალიზების საშუალება უნდა მიეცეთ – ყოველგვარი ჩარევის გარეშე. შესაბამისმა ორგანოებმა ინციდენტები დროულად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეთა ადეკვატურად სანქცირება უზრუნველყონ.

o გამჭვირვალობის გასაზრდელად და კამპანიების დაფინანსების წესების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, საარჩევნო კოდექსი უნდა მოიცავდეს დებულებებს ონლაინ გვერდებზე ან სოციალურ მედიაში განთავსებული რეკლამის დეკლარირების შესახებ, რომლებიც კამპანიის მიზნებისთვის გამოიყენება. ონლაინ განთავსებული რეკლამების შემოწმების გასამარტივებლად, არჩევნებამდე სახელმწიფო ორგანოებმა ფეისბუქთან კომუნიკაცია უნდა დაამყარონ.

o მთავრობამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა, ჟურნალისტებმა და ონლაინ პლატფორმებმა არჩევნების დროს დეზინფორმაციის გამოსავლენად და მისი გავლენის შესამცირებლად მუშაობა უნდა გააგრძელონ და კიდევ უფრო გააძლიერონ. ასევე, საინფორმაციო სივრცის დამაზიანებელი ზეგავლენებისგან დაცვისა და საზოგადოების მედეგობის გასაძლიერებლად გრძელვადიანი სტრატეგიები უნდა დანერგონ.

o პოლიტიკურმა პარტიებმა კამპანიის დარჩენილ პერიოდში ქალი კანდიდატების მხარდამჭერი შიდა მექანიზმები უნდა დანერგონ.

o კამპანიის დარჩენილ დღეებში პარტიებმა ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების კონკრეტული გზები და დეტალები უნდა წარმოადგინონ.

o პოლიტიკურმა პარტიებმა კამპანიებში ჰომოფობიური ენის გამოყენების წინააღმდეგ მრავალპარტიულ მემორანდუმს უნდა მოაწერონ ხელი”, – ვკითხულობთ NDI-ის ანგარიშში.

region
ავტ.: region ოქტომბერი 20, 2020 16:57