ზელენსკის ადმინისტრაციაში პატიმრების გაცვლის პროცედურის დასრულების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პატიმრების გაცვლის პროცედურები არ დასრულებულა – “დოიჩე ველე” წერს. “ორივე მხრიდან დაკავებული პირების განთავისუფლების პროცესი გრძელდება. მისი დასრულების შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება” – ნათქვამია განცხადებაში.

ზელენსკის ადმინისტრაცია დეზინფორმაციას “ინფორმაციულ ქაოსს” უწოდებს, რომელიც “მრავალ დაუდასტურებელ წყაროებზე” დაყრდნობით ვრცელდება.

რუსეთსა და უკრაინას შორის დაკავებულ პირთა გაცვლის პროცესის შესახებ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია ვრცელდება. უკრაინის უშიშროების სამსახურის პრეს-მდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ ჟურნალისტებს მოუწოდა “მოვლენები არ გააბუქონ”. “ძვირფასო ჟურნალისტებო, მძევლების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. გთხოვთ, მოვლენების განვითარებას დაელოდოთ, იმედი მაქვს, ამისთვის, დიდი ხანი არ დაგვჭირდება” – გიტლიანსკაიამ “ფეისბუქზე” დაწერა და მედიის წარმომადგენლებს სთხოვა “დაუდასტურებელი ინფორმაციები არ გაავრცელონ”.

რუსეთიც არ ადასტურებს გაცვლის პროცესის დასრულებას.
მანამდე, რამდენიმე საათით ადრე რადას თანამშრომელმა ანა ისლამოვამ “ფეისბუქზე” დაწერა, რომ მოსკოვმა და კიივმა უკრაინაში დაჭერილი რუსების გაცვლა დაიწყეს, ქერჩის სრუტეში დაკავებულები კი რუსეთმა უკვე გაანთავისუფლა და მათ უკრაინაში ელოდებიან. მისი ინფორმაცია უკრაინის გენერალურმა პროკურორმა წუხელ გაიზიარა “ფეისბუქზე”.

banner
წინა სტატიაშიდე ფაქტო „საგარეო უწყება“: კატეგორიულად მოვითხოვთ უკანონო სამუშაოების შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება
შემდეგი სტატია,,ცენტრალური ხელისუფლების ყველა ნაბიჯი, მათ შორის პოლიციის საგუშაგოს მოწყობა, ემსახურება დეესკალაციის, სტაბილურობის უზრუნველყოფის ამოცანებს”