ზალკალიანი – საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობა დინამიზმით გამოირჩევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინა- საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას და ურთიერთობებს.

ზალკალიანის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობა განსაკუთრებული დინამიზმით გამოირჩევა.

როგორც ზალკალიანმა განაცხადა, უახლოეს მომავალში გაიმართება სხვა მაღალი დონის შეხვედრები, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას მნიშვნელოვანად გააუმჯობესებს.

„უკრაინის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში პირველად იმყოფება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, ხაზს უსვამს უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ურთიერთობებს.

მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში ურთიერთობები გამოირჩევა დინამიზმით, წინ უძღოდა ასევე ჩემი ვიზიტი უკრაინაში. ამჟამად, გვსტუმრობს პრემიერ-მინისტრი, ასევე, დაგეგმილია სხვა მაღალი დონის ვიზიტები ორივე მიმართულებით. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს პროცესი იქნება კიდევ უფრო აქტიური და ჩვენ გვექნება უახლოეს პერიოდში მეტი მაღალი დონის შეხვედრა, რაც მნიშვნელოვანად გააუმჯობესებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანმა აღნიშნა, რომ დენის შმიგალთან გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკებებისას განსახილველი საკითხები ეხებოდა უკრაინა-საქართველოს საერთო გამოწვევებს.

ზალკალიანის თქმით, ოკუპაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ამ კუთხით ორი ქვეყანა ერთმანეთის მიმართ სოლიდარულია და ყველა საერთაშორისო ფორმატში კოორდინირებულად მოქმედებენ.

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საერთო გამოწვევა, რომლის შესახებაც უკვე ისაუბრეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრებმა, სწორედ ეს გახლდათ ის საკითხები, რომლებიც იყო განხილული ასევე გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრაზე. მოგეხსენებათ, რომ ოკუპაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, ჩვენ ვართ ერთმანეთის სოლიდარული. მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებულად ვმოქმედებთ ყველა საერთაშორისო ფორმატში, მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, ორ ქვეყანას შორის საერთო საკითხებზე საუბრისას ზალკალიანმა განაცხადა, რომ უკრაინასა და საქართველოს საერთო ხედვა, მიზნები აქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ამ მხრივ ზალკალიანმა „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა.

„ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ხედვები და მიზნები ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. 17 მაისს კიევში ჩემი ვიზიტის დროს გაფორმდა სამ ქვეყანას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი და ჩვენ უკვე დავაფუძნეთ „ასოცირებული ტრიო“, უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის შემადგენლობით, რაც ხაზს უსვამს ჩვენს შეუქცევად სწრაფვას, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები.

სამ ქვეყანას აქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის განსხვავებული დონე, განსხვავებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრი ქვეყნებიდან და ეს ჩვენ გავალდებულებს, რომ აქტიურად ვიმუშავეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რადგან დიფერენცირებული მიდგომა, პრინციპი მეტი მეტისთვის იყოს შესაბამისად ასახული. მინდა, გითხრათ, რომ უკვე ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა დავგეგმოთ ერთობლივი ღონისძიებები. ძალიან ბევრი ერთობლივი ღონისძიება გვექნება ევროპულ დედაქალაქებში, ბრიუსელში, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს, რომ ჩვენ საერთო მისწრაფებები და საერთო მიზნები გვაქვს. ეს იქნება ასევე ნატო-ს მიმართულებითაც. ჩვენ და უკრაინა ძალიან ბევრს ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, ნატო-ს წევრ ქვეყნებთან, რათა პროგრესი, რომელიც გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, იყოს შესაბამისად ასახული მომავალ მაღალი დონის შეხვედრებზე, მათ შორის ნატო-ს სამიტზე და ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც წლის ბოლოს გაიმართება.

რა თქმა უნდა, საუბარი იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, თქვენ მოისმენთ პრემიერ-მინისტრების მხრიდან, რომ მთავრობას აქვს დავალება, გავაძლიეროთ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა. სავაჭრო ბრუნვა, რომელიც არის სადღაც 600 მილიონი დოლარის ფარგლებში, ეს მეტ მცდელობას მოითხოვს ჩვენი მხრიდან, რათა გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა, ვინაიდან არის გამოუყენებელი შესაძლებლობები. ამ მიმართულებით პანდემიამ დიდი ცვლილება შეიტანა ჩვენს თანამშრომლობაში, გარკვეულწილად შეაფერხა ეკონომიკური თანამშრომლობა. მაგრამ ის, რომ საქართველოს უკვე აქვს პოზიტიური დინამიკა პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკური ზრდის ტემპი იზრდება, ქვეყანა იხსნება ეკონომიკური თანამშრომლების, ტურიზმისთვის და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ასევე არის შესაძლებლობა, რომ ეკონომიკა გაიზარდოს ქვეყნებს შორის. სწორედ ეს მიმართულებები იქნება პრიორიტეტი და შესაძლებელია, რომ სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ეს საკითხები იყო ძირითადად განხილული და ვფიქრობ, ვიზიტი თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ჩვენს პარტნიორობას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე – გიორგი გახარიამ პირადად გადმომცა მუქარის წერილი
შემდეგი სტატიასასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს