სასამართლოში ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე სავარაუდოდ მოწმეს წარადგენს. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურის მტკიცებულებების გამოკვლევა უკვე დაწყებულია. ჯერჯერობით გამოკვლეულია მხოლოდ ვიდეომტკიცებულებები.

რაც შეეხება მოწმეთა დაკითხვას, ადვოკატების განცხადებით, ბრალდების მხარე მათ წინასწარ არ აწვდის ინფორმაციას სასამართლო პროცესზე დასაკითხ პირთა შესახებ. სწორედ ამ მიზეზით წინა სხდომა გადაიდო და დაცვის მხარემ მოსამზადებლად დრო ითხოვა.

„სამწუხაროდ, მოსამართლის მითითებისა და შეთანხმების მიუხედავად, რომ ამ ფორმატით უნდა გვემუშავა, დღემდე ბრალდების მხარე ცოცხალი თავით არ ამხელს იმ მოწმეების ვინაობას, რომელი მოწმეებიც უნდა დაგვეკითხა დღეს. საერთოდ, მტკიცებულებებს არ ასაჯაროებენ. ეს არის საკმაოდ უცნაური, ვერ აიხსნება ის შიშები, თუ რატომ არ უნდა გახდეს ცნობილი მხარისთვის, რა ფორმატით ვმუშაობთ. შესაბამისად, დღეს პროცესი გაგრძელდება და ვნახავთ, რა იქნება, ჩვენს პოზიციას პროცესზე დავაფიქსირებთ. მე, ერთადერთი ვხსნი იმით, რომ უმეტესობა მოწმეები არიან ძალოვანი სტრუქტურიდან, ერთმნიშვნელოვნად იძლევიან ცრუ ჩვენებებს და არ უნდათ, წინასწარ საჯარო გახდეს მათი ვინაობა, ეშინიათ მოწმეთა დისკრედიტაციის“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

პროცესის დაწყებამდე ბრალდების მხარის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ნიკა მელია საქმის განხილვას არ ესწრება, რადგან ის მოსამართლის მიერ სხდომიდან გაძევებულია.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობა დინამიზმით გამოირჩევა
შემდეგი სტატიაცოცხალი თავით ბრალდების მხარე არ ამხელს მოწმეებს – კონდახიშვილი მელიას პროცესზე