რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 23 წლის წინ დაწესებული სავიზო რეჟიმი გააუქმა. ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთი უანგაროდ არაფერს აკეთებს. გაჩნდა ვერსია, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების სანაცვლოდ, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას მოითხოვს.
დააყენებს, თუ არა რუსეთი ამ საკითხს ოფიციალურად დღის წესრიგში და რა რეაქცია ექნება ამაზე საქართველოს ხელისუფლებას, ამის შესახებ, „თაიმერს“, კავკასიის ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტი, ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება.
– რუსეთის მიერ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება, არაა კეთილი ნების ჟესტი, ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ყველა ვხედავთ, რომ რუსეთი მიწასთან ასწორებს უკრაინას, მაგრამ მის დაპყრობას ვერ ახერხებს. საკმაოდ მძიმედ აქვს საქმე ფრონტზე. კიდევ უფრო მძიმე დღეში აღმოჩნდება, ვიდრე, აქამდე იყო. საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა ძალიან დიდია.
რუსეთის ხელისუფლებამ, ძალიან კარგად იცის, რომ ყველა ომი მთავრდება მოლაპარაკებებით. ვერც უკრაინამ და ვერც რუსეთმა, ისეთი პოზიციები ვერ აიღო ომში, რომ მოლაპარაკებებში უპირატესი იყოს. მოლაპარაკებები ადრე, თუ გვიან, მაინც იქნება. უკრაინაც ემზადება მოლაპარაკებებისთვის და რუსეთიც.
რუსეთი ცდილობს, რომ ომის შემდეგომი პერიოდისთვის მოემზადოს. ჩვენ, საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილებას სხვანაირად ვუყურებთ. მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამო მიიღო: საერთაშორისო საზოგადოებას გაუგზავნა მესიჯი, რომ მას ომის შმდეგომ პერიოდში, შეუძლია კარგი ურთიერთბები დაამყაროს სამეზობლოსთან. ამ ჟესტით რუსეთი პირდაპირ ამბობს, რომ ის შეელევა უკრაინას, მაგრამ შუა აზიას და საქართველოს – არა. მოსკოვს პირდაპირი ავიამიმოსვლა სჭირდება იმისთვისაც, რომ კავკასიაში სერიოზული პროცესები მიდის. საქართველოსთან, თუ არ ექნება ნორმალური ურთიერთობა, ის, ვერასდროს ვერ დაალაგებს ჩრდილოეთ კავკასიასთან. ეს აღარ არის გასული საუკუნის 90-იანი წლები, როცა რუსებმა დასავლეთი დააჯერეს, რომ კავკასიელები იყვნენ ტერორისტები.
– დააჯარეს, თუ დასავლეთმა რუსეთის ხათრით დაიჯერა?! მაშინ, რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას, ყველა თავს არიდებდა…
– რა თქმა უნდა, უნდოდათ, რომ დაეჯერებინათ. მაშინ, რუსეთს რატომღაც კარგი თვალით უყურებდნენ. ფრენების აღდგენით, მოსკოვმა საქართველოში პრორუსულ ძალებს, გასააქტუყრებლად, შანსი მისცა. ისინი დაიწყებენ საუბარს რუსეთის სასარგებლოდ, რასაც მოჰყვება პროდასვლური ძალების აქტიურობა. ეს კი, არის შანსი იმისა, რომ საქართველოში დაძაბულობის ხარისხმა მოიმატოს. ეს ძველი თამაშია და რუსეთს, აქ, სიტუაციის დაძაბვა აღარ გამოუვა.
რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანა 22 წელი მართა, როგორც იმპერატორმა. გარდა ამისა, ის, რუსეთის ფარგლებს გარეთ, იმას აკეთდებდა, რაც უნდოდა. არავინ ხელს არ უშლიდა. რა შედეგამდეც მივედით კი ვნახეთ – მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე დადგა. მადლობა ღმერთს, რომ დასავლეთს კარგი ლიდერები ჰყავს და რუსეთს ბირთვული შანტაჟი არ გაუვიდა, არც მომავალში გაუვა!
რუსეთში არის რაღაც ძალა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას კავკასიაში დალაგება გაუჭირდება.
– აქამდე, ვერ ხვდებოდნენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება საჭირო იყო?!
– აქამდე, ამის აუცილებლობას რუსები ვერ გრძნობდნენ. აქამდე, რუსეთი ძალისმიერი მეთოდებით წყვეტდა პრობლემებს. ამ ომმა ბევრი რამ შეცვალა.
– იმ დღეს, როცა პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მოაწერა ხელი, რუსეთის სამრეწველო-სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. მისი აზრით, ირანიდან წამოსული ტვირთები, ამ გზით უნდა ჩავიდეს რუსეთში. მოგვთხოვს, თუ არა რუსეთი დავთანხმდეთ ამ მონაკვეთზე რკინგზის აღდგენას?!
– ჩვენ, რამდენადაც ვიცით, საქართველოში რკინიგზის აღდეგნაზე საუბარი არ არის. საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს არავის მოუთხოვია. ფრენების აღდგენის სანაცვლოდ ამაზე დათანხმება წარმოუდგენელია. მეეჭვება, რომ ქართველები ასე გაიქცნენ რუსეთში. იქედან, აქეთ გამორბის ხალხი. ვისაც წასვლა უნდა, წავიდნენ და ნახონ რა ხდება რეალურად რუსეთში. რუსებიც მალე მიხვდებიან, რომ არ შეიძლება ყველას ეომო და არ შეიძლება ყველასთან მართალი იყო.
რკინიგზის გახსნას რაც შეეხება, ამაზე ძალიან დიდი ხანია მიდის საუბარი. ნებისმიერი პროექტი, იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური, თუ პოლიტიკური, მომგებიანი უნდა იყოს, ან პოლიტიკურად, ან ეკონომიკურად, ან მორალურად. ნორმალურ ქვეყნებში რაიმე პროექტის განხილვა რომ იწყება, პირველად განიხილება, რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს. ჩვენც, ამ პროექტს, ასე უნდა შევხედოთ.
– ამ პროექტმა, როგორ შეიძლება საქართველოს რაიმე სარგებელი მოუტანოს?! სარგებელი იქნება მაშინ, როცა აფხაზეთს დავიბრუნებთ…
– მთავარი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ამ საკითხზე საუბარი, კულისებს მიღმა, ვერ დაიწყება. ხელისუფლება რკინიგზის აღდგენის თემაზე არავისთან არ საუბრობს, მაგრამ, თუ დაიწყება საკითხის განხილვა, უნდა მოხდეს საჯაროდ. საქართველოს მოსახლეობა, უნდა იყოს ჩართული ამაში.
ომის შემდეგ, რუსეთს ბევრისთვის მოუწევს “კუდის ქიცინი”. ჩვენ, ეგ არ გვაინტერესებს. ჩვენი ამოსავალი წერტილი, ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა იყოს. ჩენი უმთავრესი მიზანი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ახლა გვთავაზობენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიხსნას რკინიგზა, ოღონდ, ეს შეთავაზება ოფიციალურად არ ყოფილა.
– სამრეწველო სავაჭრო პალატის პრეზიდენტის განცხადება, ოფიციალური არ არის?!
– მან, გააჟღერა ეს საკითხი, მაგრამ თავის პოზიციად. რუსეთი აუცილებლად დააყენებს ამ საკითხს და ახლა, ჩვენს რეაქციას სწავლობენ. ამ საკითხზე, ხალხის ზურგს უკან ვერავინ იმსჯელებს.
– ამ რკინიგზით, რუსებს ირანიდან სურთ ტვირთების მიღება. ტვირთი საქართველოში, რომ ჩამოვიდეს, აზერბაიჯანი უნდა გაიაროს. დათანხმდება ბაქო ირანიდან რუსეთისთვის განკუთვნილი ტვირთების გატარებას?!
– არა მგონია. ანკარასთან მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდიონარე, აზერბაიჯანი, ამ ტვირთების გატარებას არ დათანხმდება. ბევრი მიზეზიდან გამომდინარეც, ეს არ არის მარტივი. რუსებმა რადგანაც დააყენეს ეს საკითხი, თემაც მალე გააქტიურდება. ჩვენ, მზად უნდა ვიყოთ და ეროვნული ინტერესები წინ წამოვწით. ჩვენი უმთავრესი ინტერესი კი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
“თაიმერი”