,,ვპირდები „ქართულ ოცნებას“, ის ვეღარ გააყალბებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს”

ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც პოლიტიკურ პროცესებს თვალს ადევნებდა, თამარ ჟვანიას არჩევა, მოულოდნელი არ ყოფილა. ქალბატონი თამარ ჟვანია ხელისუფლებისათვის აღმოჩნდა ცესკო-ს ძალიან კომფორტული თავმჯდომარე“, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

როგორც ნინო ბურჯანაძე განმარტავს, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ გარანტია შეიქმნა, რათა მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც ისეთივე წარმატებულად გააყალბოს, როგორც ეს მოხდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„2016 წელს მე პირადად მქონდა ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრა და მაშინ ქალბატონ თამარ ჟვანიასგან დაპირება მივიღეთ, რომ კანონის დაცვით შედგენილი ყველა საჩივარი განხილული იქნებოდა. ჩვენმა პარტიამ ასობით საჩივარი შეიტანა, როგორც სასამართლოში ასევე ცესკო-ში და ერთადერთი, რასაც ვითხოვდით, ეს იყო უბნების გადათვლა. სამწუხაროდ, თამარ ჟვანიამ არც ერთი ჩვენი საჩივარი არც კი განიხილა. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ყველა საშუალებას გამოიყენებს, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზეც მისთვის სასურველი შედეგი მიიღოს, მაგრამ შევახსენებ მათ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ გასდით, არის ზღვარი, როდესაც ადამიანების მოთმინების ფიალა ივსება. ვპირდები „ქართულ ოცნებას“, ის ვეღარ გააყალბებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. მე ვიცი ჩემი და ჩემი თანაგუნდელების განწყობა, ასევე ვიცი სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებაც და ხელისუფლებას დროა უკვე ესმოდეს, თუ ის ისევ შეეცდება არჩევნების გაყალბებას, ის აუცილებლად რევოლუციას მიიღებს“, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა პირველი იანვრიდან ასამოქმედებელი რეგულაციები დაამტკიცა
შემდეგი სტატიასასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებები პიკს აღწევს