“ვფიქრობ, არსებობს კომპრომისის სივრცე და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, ვიმედოვნებ, მხარეები მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას”

კომპრომისის სივრცე არსებობს და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს, მხარეები მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ შედიან ძალიან რთული დიალოგის პროცესი, სადაც მხარეების პოზიციები ერთმანეთისგან დაშორებულია და პროცესში, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის დემოკრატიის და სტაბილურობისთვის.

„დღეს იყო პირველი შეხვედრა და ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან რთული დიალოგის პროცესში, სადაც მხარეების პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან დაშორებულია და პროცესში, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ აქვეყნის დემოკრატიის და სტაბილურობისთვის. ამიტომ დღეს ეს პროცესი დავიწყეთ, დღეს შედგა მხარეებს შორის გაცვლა საბუთების, პოზიციების და მტკიცებულებების,დღეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიციები“, – განაცხადა ბაქრაძემ. მისივე განმარტებით, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია იყო უცვლელი, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ახალი არჩევნების ჩატარებაში ხედავენ.

„რა თქმა უნდა, დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი პოზიცია იყო უცვლელი, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ვხედავთ ახალი არჩევნების ჩატარებაში, პროცესი გაგრძელდება. ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი ან თუნდაც ორი შეხვედრით რამე გადაწყდება, ეს არის უმძიმესი თემა, ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში, განსხვავებები არის უზარმაზარი. ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების ამოცანა არის ის, რომ თან და თან, ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნას, ოღონდ, ბუნებრივია, ამ კომპრომისის გამოძებნის პროცესში ჩვენი პოზიცია არის მყარი, რომ ის, რაც არის ქვეყნისთვის ცუდი და უკანონო, ვერ შედგება კომპრომისი იმის ხარჯზე, მაგრამ ვფიქრობ, კომპრომისის სივრცე არსებობს და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს, მხარეები მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში“ვიმედოვნებ, ჩვენი საზოგადოებისა და დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ”
შემდეგი სტატიადიპლომატების მონაწილეობით პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება