ვოლსკი: სააკაშვილის ჩართულობა მიზნად ისახავს, რომ პროვოკაციებმა მიიღოს სტაბილური ფორმა

მიხეილ სააკაშვილის ჩართულობა გინდ უკრაინიდან, გინდ ფეიკ ვიდეოების გავრცელება მიზნად ისახავს, რომ დაპირისპირებამ, პროვოკაციებმა მიიღოს სტაბილური ფორმა, ქვეყნისთვის სასიხარულოდ, ეს არ გამოსდით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საოცრებაა, როცა პოლიტიკური პარტია, რომელსაც ქვეყნის მართვაზე სერიოზული პრეტენზია აქვს, ამბობს, რომ მათმა ლიდერმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

„მთელი ამ სპექტაკლის დადგმა ემსახურება მიზანს, რომ მოხდეს იმ ხალხის მობილიზება, ვინც დესტრუქციული, დესტაბილიზაციის პროცესის განვითარებაში თავი არ გამოიჩინა. დესტაბილიზაციის ამ გეგმამ ვერ გაამართლა და გადაწყვიტეს, სააკაშვილი საარჩევნო პროცესში ამ ფორმით ჩაერთოს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ჩვენს თავს და საქართველოში ხდება.

სააკაშვილის ჩართულობა გინდ უკრაინიდან, გინდ ამ ფეიკ ვიდეოების გავრცელების მიზანი არის ის, რომ დაპირისპირებამ, პროვოკაციებმა, ხალხის მობილიზებამ, ენერგიის კონცენტრაციამ სტაბილური ფორმა მიიღოს. მათ ეს სურთ, მაგრამ ქვეყნისთვის სასიხარულოდ, არ გამოსდით. შემიძლია, გავაკეთო ვიდეო, სადაც სიდნეიდან ვეტყვი ხალხს, რომ არჩევნებზე მივიდეს.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის. უკრაინის ორგანოები ამბობენ, რომ მას საზღვარი არ გადაუკვეთავს და საქართველოს შესაბამისი ორგანოები აცხადებენ, მას საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთია.

საოცრებაა, როცა პოლიტიკური პარტია, რომელსაც ქვეყნის მართვაზე სერიოზული პრეტენზია აქვს, ამბობს, რომ მათმა ლიდერმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: “ისა, დაიდო უკვე ვიდეოს ექსპერტიზის პასუხი? თუ აქაურს აღარ ენდობა “ქართული ოცნება”
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა